საგამოძიებო სამსახური: ექვსი მოქალაქე სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

  • 21 აპრილი 11:15
  • 439

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამართალდამცველებმა შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების განცხადებით, საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად, ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ - ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები