ჯანელიძე: ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული საქართველოს მხარდაჭერის კუთხით

  • 21 აპრილი 11:01
  • 303

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ გაერთიანება მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მეთხუთმეტე ანგარიშს, საქართველოში კონფლიქტების თაობაზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში რუსეთის ქმედებებსა და აგრესიაზეა საუბარი და საქართველოს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და მისი ყოველწლიური განხილვა, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ასევე აღწერილია აბსოლუტურად ყველა ის ქმედება და დარღვევა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ასევე სხვა ქვეყნების განცხადებებს, რომლებიც გმობს რუსეთის ფედერაციის ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს“,-განაცხადა ჯანელიძემ.

სხვა სიახლეები