მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

  • 21 აპრილი 10:19
  • 881

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა.

ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართულმა ქვედანაყოფმა სამოქმედო არეალში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშობლოში უახლოეს დღეებში ეტაპობრივად სრულად დაბრუნდება.

ახალი ამბები

3401 სტატია

სხვა სიახლეები