თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მთავრობას შენიშვნები აქვს

  • 14 აპრილი 18:42
  • 852

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობას შენიშვნები აქვს.

მთავრობის შენიშნები 17 გვერდისგან შედგება და ის პარლამენტს უკვე წარედგინა. პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადებულ დასკვნაზე საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას იმსჯელებენ.

მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია აკრძალვა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას ითვალისწინებს.

მთავრობა საკუთარ დასკვნაში, პროექტში ჩაწერილ ცალკეულ რეგულაციებსა და ნორმებს ”ბუნდოვანად” და ”გაუგებრად” აფასებს.

მთავრობას არ მოსწონს პროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და ასევე, ობიექტის შიგნით. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია საკუთარ დასკვნაში წერს, რომ აღნიშნული აკრძალვა თამბაქოს პროდუქტების განთავსებისა და რეალიზაციისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე არ უნდა გავრცელდეს.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.

 

”ხილულად განლაგების აკრძალვის შემოღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ობიექტებს, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს”, - აღნიშნულია პარლამენტში გაგზავნილ დასკვნაში.

 

მთავრობა ასევე მხარს არ უჭერს ე.წ. ”დრაივის“ - გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.

 

მთავრობის ადმინისტრაციის დასკვნაში ასახულია კიდევ სხვა შენიშვნები, რომელთა დაკავშირებითაც ”ინტერპრესნიუსი” საკანონდებლო პაკეტის ინიციატორს გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

 

”ბევრი რამ არასწორად არის გაგებული, მათ შორის ვადების თაობაზე. რა ვადებსაც მთავრობა მოითხოვს, რომ საჭიროა გაცნობიერებისთვის და ცვლილებების განხორციელებისთვის, ეს ვადები ჩადებულია. კანონი ძალაში უცებ არ შედის - ზოგ რეგულაციაზე ერთი წელი, ზოგ რეგულაციაზე კი, უფრო მეტია განსაზღვრული, რათა საშუალება მივცეთ იგივე თამბაქოს ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს იმისთვის, რომ გადაეწყოს, ხოლო რესტორნებმა გააკეთოს დიზიანური ცვლილებები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გარეთ მოეწყოს დასაჯდომები მწეველთათვის. თამბაქოს ჩარჩო-კონვენცია, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას გვავალდებულებს. მათ შორის არის ის, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები არ უნდა მონაწილეობდნენ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ჩვეულებრივ არის ინტერესთა კონფლიქტი. ამასთან დაკავშირებით მთავრობას აქვს შენიშვნა, რომ მათ კარგი გამოცდილება გააჩნიათ და რატომ არ უნდა მონაწილეობდნენ. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქვთ მონაწილეობის უფლება ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება გადასახადებს, აქციზს და ასე შემდეგ, მაგრამ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ სიგარეტის გამონაბოლქვისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ეხება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თავიდან უნდა იქნას არიდებული გავლენები და ინტერესთა კონფლიქტი, რაც ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნაა და ჩვენ ჩვენი კანონპროექტით მისი ერთგული ვართ. მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პროდუქტის შეთავაზებისას მოსახლეობას აუხსნან პროდუქტის შესახებ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ, რადგან თამბაქო ფაქტიურად არის ლეტალური პროდუქტი და ამიტომ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, რაც არის საერთაშორისო ნორმა და ახალს არაფერს ვიგონებთ - ეს არის გზა, რომელიც გაიარეს ცივილურმა ქვეყნებმა და ასევე, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გუგული მაღრაძემ.

ამასთან, დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, მთავრობის გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

სხვა სიახლეები