„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კარგი გამოსვლა“ - საქართველოს ძალოსნობის ნაკრები ტაილანდში გაემგზავრა

  • 05 აპრილი 11:19
  • 2752

საქართველოს ნაკრები ტაილანდში, ახალგაზრდებს შორის ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში საქართველოდან 8 ათლეტი მონაწილეობს. ასპარეზობას 6 აპრილს გურამ გიორბელიძე იწყებს 62 კილოგრამ წონით კატეგორიის B ჯგუფში.

ფედერაციის ინფორმაციით, 7 აპრილს ასპარეზობს კახი ასანიძე. „ჩვენი ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის შვილი, 69 კილოგრმაში, ასევე B ჯგუფში 11:30 დაიწყებს“, - აცხადებს ძალოსნობის ფედერაცია.

იმავე დღეს, უკვე 69 კილოგრამში, A ჯგუფში 16:00 საათზე არჩილ მალაყმაძის გამოსვლაა დაგეგმილი.

„8 აპრილს თბილისის დროით 07:00 საათზე ლომია თებიძე იასპარეზებს (77 კილოგრამი, C ჯგუფი), ლაშა თაქთაქიშვილი  (C ჯგუფი, 08:30 საათზე, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში). ედუარდ კაკაბაძე - (77 კილოგრამი, B ჯგუფი, 11:00).

10 აპრილს საქართველოს ნაკრების ბოლო ორი წარმომადგენელი გამოდის - 06:00 საათზე, 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაზა ლომთაძე (B ჯგუფი) და 14:00, + 94 კილოგრამში - A ჯგუფში თორნიკე ტაბატაძე“, - აცხადებს ძალოსნობის ფედერაცია.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ნაკრების მთავარი მწვრთნელია ზურაბ ანთაური, მისი ასისტენტი არის თემურ ჯანჯღავა. გუნდის ექიმი იქნება გიორგი ჭინჭარაული.

„ჩემპიონატისთვის მზადება თებერვლიდან დავიწყეთ. გავიარეთ 2 შეკრება, დუშეთის და წყალტუბოს ბაზაზე. ბოლო, ორკვირიანი შეკრება დუშეთში გვქონდა. ნორმალური ციკლი იყო. ბევრი დადებითი ემოციით. ვცდილობთ, ტურნირისთვის კარგ ფორმაში ვიყოთ. მაგრად მეხმარება თემურ ჯანჯღავა და ყოველთვის სასიამოვნოა, ისეთ კარგ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გახდა გიორგი ჭინჭარაული“, - აცხადებს ზურაბ ანთაური.

მისი თქმით, ნაკრებში ადგილი ჰქონდა იძულებით ცვლილებას - „ტრავმის გამო ამოვარდა გუნდიდან ზურა ბარელაძე (77 კილოგრამი). მის ნაცვლად შემადგენლობაში ჩავსვით სათადარიგო სპორტსმენი ლომია თებიძე, რომელიც აქ დიდ გამოცდილებას მიიღებს“, - აღნიშნავს ზურაბ ანთაური.

რაც შეეხება საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მომზადების დონეს მთავარი მწვრთნელი აცხადებ, რომ უკმაყოფილო არაა.

„ამ ეტაპზე, ყველა სპორტსმენი თითქმის მაქსიმუმზეა ასული. კარგად ივარჯიშეს, იმუშავეს ყველა საჭირო ნიუანსზე და შეეცდებიან, რომ გუნდმა ქულების მაქსიმუმი აიღოს. ვარჯიშებზე დიდი დრო ეთმობა, როგორც ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას, ასევე სპორტსმენების ფსიქოლოგიურ მომზადებას.

ჩვენი მიზანია 17 საუკეთესო გუნდში შესვლა და შესაბამისად, 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 1ლიცენზიის მიღება. ერთ ქვეყანას იქ 2ლიცენზიის აღება შეუძლია“, - გაბაცხადა ზურაბ ანთაურმა.

მისი თქმით, ჩემპიონატში 500-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და საინტერესო ტურნირი იქნება.

„აუცილებლად გამოჩნდება ბევრი ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა. ლიცენზიის მოპოვება რთული იქნება, მაგრამ ჩვენს გუნდს არ აკლია მოტივაცია და მე მჯერა ამ ნაკრების.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კარგი გამოსვლა და მთავარია, ნაკრების წევრებმა მიიღონ ამ დონეზე გამოსვლის გამოცდილება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ციკლის დროს გვეხმარებოდა“, - აცხადებს ზურაბ ანთაური.

ახალი ამბები

3692 სტატია

სხვა სიახლეები