ქუთაისის მერიაში ერთ–ერთი ვიცე–მერის პოსტი ამ ეტაპზე ვაკანტურია. ყოფილმა ვიცე–მერმა დავით ანდღულაძემ თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა.
ქუთაისის მერიაში ვიცე–მერ დავით ანდღულაძის მიერ თანამდებობაზე უარის მიზეზად მის პირად განცხადებას ასახელებენ. თავად დავით ანდღულაძე მერობაზე უარის თქმას იმ გარემოებით ხსნის, რომ დაოჯახდა და თბილისიდან ქუთაისში სიარული ვერ შეძლო. "ამ ეტაპზე არსად ვმუშაობ," – ამბობს ანდღულაძე.
დავით ანდღულაძე, მერის მოადგილის ფუნქციას 2010 წლიდან ასრულებდა. მოგვიანებით, ქუთაისის მერიაში კიდევ ორი ვიცე–მერის პოსტი გაჩნდა. ერთ–ერთი ვიცე–მერის, ირაკლი ჯიქიას ვალდებულებად კი, ფინანსური საკითხებისა და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა განისაზღვრა, რამაც თავის მხრივ დავით ანდღულაძის გავლენის სფეროს დასუსტება გამოიწვია.
ამ ეტაპზე ანდღულაძის მემკვიდრის ვინაობა უცნობია. მის შემცვლელად თავიდან ქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილო მოიაზრებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვაკანტური პოსტი გაუქმდეს ან ანდღულაძის ფუნქციის შესრულება ვიცე–მერმა ირაკლი ჯიქიამ იკისროს.
"ბატონი ჯიქია უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობას. ვინ დაიკავებს ვიცე–მერის პოსტს ან გაუქმდება თუ არა აღნიშნული თანამდებობა, ამას მომავალში განსახორციელებელი პროექტები გვიჩვენებს," – ამბობს მერიის ადმინიტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე.
სხვა სიახლეები
