ილია მეორემ საპატრიარქოში თეირანის სულიერი ლიდერი მიიღო

  • 21 მარტი 00:04
  • 812

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში ირანელთა დელეგაცია მიიღო, რომელსაც თეირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ქამეზსედიგი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. შეხვედრას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც ესწრებოდა .

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ირანის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას ისახავდა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანში არსებული მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით.

სტუმარმა კმაყოფილება გამოთქვა მუსლიმურ თემსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის არსებული თბილი ურთიერთდამოკიდებულების გამო. მან ასევე ხაზი გაუსვა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის პიროვნების როლს და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეგიონში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, მან დასძინა, რომ ჩვენს ქვეყანაში რწმენის თავისუფლების ერთერთი დადასტურება საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი მეჩეთებია და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ ირანშიც ამოქმედდება მართლმადიდებლური ეკლესია.

თეირანის სულიერმა ლიდერმა წარადგინა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში ბატონი ჯავათკავამ შაჰიდი.

აიათოლა ქამეზსედიგმა და ახლადდანიშნულმა ელჩმა ყურადღება გაამახვილეს მულტიკულტურულ ქვეყანაში სახელმწიფოს როლზე და რელიგიის სააგენტოს შექმნა დადებითად შეაფასეს.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა და თეირანის სულიერმა ლიდერმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები