არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო

  • 20 მარტი 16:48
  • 288

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დისკუსიის მთავარ საკითხებს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ფორმირება, რეზერვის ორგანიზება და მართვა, ტოტალური თავდაცვის პირობებში სამხედრო ძალების რეზერვის ეფექტიანი გამოყენების პრინციპები და მეთოდები წარმოადგენდა.

სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ წარადგინა.

კონცეფციის მიხედვით, მოხდება არსებული რეზერვის სისტემის ტრანსფორმაცია, რათა შეიქმნას რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი ახალი სისტემა, რომლის მიზანიცაა ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება და ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კონცეფციის მიხედვით უნდა შეიქმნას აქტიური სარეზერვო სამსახური, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს, ესაა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახურის კონცერფცია მთლიანად დამყარებულია ნებაყოფლობით მონაწილეობაზე. 18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, თუკი დააკმაყოფილებენ სპეციალურ მოთხოვნებს, ყოველწლიურად გაივლიან 45 დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ამ პერიოდში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც წოდებრივი სარგოს 20% წარმოადგენს. რეზერვისტი ასევე აფორმებს 5 წლიან კონტრაქტს, რომელიც ავალდებულებს მას, შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს ქვედანაყოფში.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების რეზერვის ოპტიმალური რაოდენობა 1500-მდე რეზერვისტით განისაზღვრა. ხოლო ახალი კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება.

ახალი ამბები

2981 სტატია

სხვა სიახლეები