ხოშტარია: აღარ გვეღირსა დრო, როცა ხელისუფლება ხისტად და ველურად კი არ ჩაკლავს პრობლემას, არამედ მოაგვარებს ადამიანის ღირსების შენარჩუნებით

  • 19 მარტი 18:50
  • 597

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია გარევაჭრობის საკითხთან დაკავშირებით "ფეისბუქში" წერს. 

"გარემოვაჭრეების "აყრის" თემაზე: აღარ გვეღირსა დრო, როცა ხელისუფლება ხისტად და ველურად კი არ ჩაკლავს პრობლემას, არამედ მოაგვარებს ადამიანის ღირსების შენარჩუნებით და სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებით.

ცხადია, გარევაჭრობა დასარეგულირებელია. ცხადია, ჭუჭყი და ბარდაგი არ უნდა იყოს ქუჩაში. ამასთანავე, პირობებში, როცა სოციალური ფონი უმძიმესია უნდა იფიქრო რა ალტერნატივა შესთავაზო, (გამოყოფილი ადგილები მაგალითად, ოღონდ ისეთი სადაც ვაჭრობას შეძლებენ). 2017 წელია და ისევ ველურად "გაყარე", "გააგდე", გაუფრთხილებლად პაგრომებით გაჰყავთ.

90- იანებში სახელმწიფოს ჩანასახი ვიყავით, 2003-ის მერე პოსტრევოლუციური ველურობა გვახასიათებდა. ეხლა მაინც ხომ შეიძლება ამ ცალკე აღებულ საკითხში რაღაც სიმწიფე გვქონეს"-წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მისცეს. 

"მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს"-აცხადებენ თბილისის მერიაში

მათივე ცნობით, ანალოგიური ღონისძიებები უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. 

"პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ"-აცხადებენ მერიაში. 

 

 

სხვა სიახლეები