"სტალინის სიკვდილიდან 112 დღის განმავლობაში ბერია გააჩაღებს თავბრუდამხვევ მუშაობას, რომელიც კომუნისტურ ნომეკლატურას შეაშინებს, ხოლო ..."

  • 18 მარტი 22:30
  • 2060

საიტი radiotavisupleba.ge ბლოგზე აქვეყნებს ლაშა ოთხმეზურის წერილს "ბერიას 100 დღე", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სტალინის დაკრძალვის დამსწრე ბევრი მოსკოველი შეამჩნევს და იქნება ღრმად გაოცებული, ლავრენტი ბერიას სიტყვებით, რომლებიც უპატივცემულო ფორმით, მხოლოდ გვარით და არა ტრადიციად მიღებული სახელი-მამის სახელით მოიხსენიებს სტალინს. ნაკლები მოსკოველი შეამჩნევს, რომ ბერია ბელადის დაკრძალვისას წარმოთქმულ სიტყვაში დაარღვევს ბოლშევიკების პირველ მცნებას და მთავრობას პარტიის წინ ახსენებს. აქ გასაკვირი არაფერი არ იყო - უსაფრთხოების შეფ ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა პარტიული მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა ზოგადად მთავრობა და განსაკუთრებით საკუთარი სამინისტრო.

მაგრამ ბერიას ორიგინალურობა ამით არ შემოიფარგლებოდა. სტალინის სიკვდილიდან 112 დღის განმავლობაში ბერია გააჩაღებს თავბრუდამხვევ მუშაობას, რომელიც კომუნისტურ ნომეკლატურას შეაშინებს, ხოლო საბჭოთა ხალხსა და დასავლეთს გააკვირვებს.

მოსახლეობა ძალიან მალე იგემებს ბერიას რეფორმების გემოს: გაუქმდება ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების და ცხოვრების შეზღუდვა. ცხოვრების შეზღუდვა გამონაკლისის სახით მხოლოდ ხუთ ქალაქში დარჩება. (ამგვარი შეზღუდვები დღესაც არსებობს ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთსა და თითო-ოროლა ავტოკრატიულ სახელმწიფოში). ციხიდან განთავისუფლებული იქნებიან „ექიმების“ და „მეგრელების საქმეზე“ მსჯავრდებულნი. ნოემბერში საქართველოში დაბრუნდება „მეგრელთა საქმის“ გამო გადასახლებული 11 200 ქართველი. ბერიას ინიციატივით მოხდება ასევე 1,2 მილიონი პატიმრის ამნისტირება. 

20 მარტიდან მოყოლებული, პრესაში თითქმის შეწყდება სტალინის სახელის ხსენება: ივნისში გაზეთი „პრავდა“ მხოლოდ ერთხელ მოიხსენიებს სტალინს. ჟურნალ „სოვეტსკაია ლიტერატურის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც სტალინისათვის მიძღვნილ სპეციალურ ნომერს ამზადებდა, ბერიას უწყებიდან მიიღებს ნომრის დახურვის „შეთავაზებას“. 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ პარადზე, ბერიას წინადადებით აიკრძალება ქვეყნის ხელმძღვანელების, (მათ შორის გენერალისიმუსს სტალინის) პორტრეტის აფიშირება.

 

ბერია სტალინის ხელმოწერილ დახვრეტის სიებს გააცნობს პოლიტბიუროს (პრეზიდიუმის) წევრებსა და კანდიდატებს. მწერალი კონსტანტინ სიმონოვი დაწერს, რომ მას თმები ყალყზე უდგებოდა ამ დოკუმენტების კითხვისას.

 

დასავლეთ უკრაინასა და ბალტიის რესპუბლიკებში მოხდება რეპრესიულიდან შემრიგებლურ პოლიტიკაზე გადასვლა (1945 წლიდან მოყოლებული, ბალტიისპირეთში და დასავლეთ უკრაინაში ნამდვილი პარტიზანული ომი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ლიტვის მოსახლეობის 10% იქნა რეპრესირებული, ხოლო მხოლოდ დასავლეთ უკრაინის რეგიონებში 153 000-ზე მეტი ფიზიკურად განადგურებული და ასობით ათასი დეპორტირებული).

 

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი დაგმობს რუსიფიკაციის შოვინისტურ პოლიტიკას: უკრაინაში დაიწყება რუსული ენის უკრაინულით ჩანაცვლება პოლიტიკურ, კულტურულ და, რაც მთავარია, საგანმანათლებლო სფეროში. ბერია ასევე გაათავისუფლებს უნიატური ეკლესიის მიტროპოლიტ იოსიფ სლიპის და საკუთარ კაბინეტში მიიღებს მას. მიტროპოლიტთან საუბრის თემა უნიატური ეკლესიის ლეგალიზება და საბჭოთა კავშირსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იქნება. ამას მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისრაელთან, ურთიერთობის გამოსწორება იუგოსლავიასთან, საბრძოლო მოქმედებების დასრულება კორეაში, დესტალინიზაციის პროცესის დაწყება გერმანიასა და უნგრეთში...

ბერია მოქმედებდა ძალზე სწრაფად და თამამად და ეს შიშს გვრიდა სტალინის კუბოსთან შექმნილი „კოლექტიური მმართველობის“ სხვა წევრებს. განსაკუთრებით ხრუშჩოვი და ბულგანინი გრძნობდნენ თავს საფრთხეში.

მაგრამ როგორ გინდა დაიჭირო ადამიანი, რომელიც 1,2-მილიონიანი ჯარის პატრონ უსაფრთხოების სამინისტროს უდგას სათავეში? როგორ გინდა მოაწყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეთქმულება, როცა მისი მოსასმენი აპარატურა პოლიტბიუროს ყველა წევრის კაბინეტში დგას?

„აი, რატომ მოგვიწია ჩვენ, დახმარების თხოვნით სამხედროებისათვის მიგვემართა“ - აღიარებს მოგვიანებით თავის მოგონებებში ხრუშჩოვი.

როგორ გადალახეს „კოლექტიური მმართველობის“ წევრებმა შიში და გადაწყვიტეს ბერიას დაპატიმრება? რომელი იყო ის ბოლო მოვლენა, რომელმაც „კოლექტიური მმართველობის“ წევრებს შეთქმულების განხორციელებისკენ უბიძგა? ძნელია დღეს ზუსტად ამის თქმა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებას ოთხეული (ხრუშჩოვ-ბულგანინ-მალენკოვ-მოლოტოვი) მიიღებს ივნისში, როცა ბერია აღმოსავლეთ გერმანიაში გაემგზავრება.

ბულგანინი ბერიას დაპატიმრებას დაავალებს მოსკოვის ანტისაჰაერო თავდაცვის უფროსს, გენერალ მოსკალენკოს. გენერალი მოსკალენკო დასახმარებლად მარშალ ჟუკოვს იხმობს - შეთქმულების მონაწილეებს ყველაზე პოპულარული სამხედრო სჭირდებოდათ იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე ცუდად წავიდოდა.

პირველად საბჭოთა დიქტატურის ისტორიაში არმიას ეკისრებოდა როლი პოლიტიკურ დისპუტში ჩარეულიყო და კრემლის „გორდიას კვანძი“ გადაეჭრა.

26 ივნისს გერმანიიდან დაბრუნებული ბერიას დაპატიმრება კარგ ვოდევილს უფრო წააგავდა, ვიდრე ცუდ დეტექტიურ ფილმს: მალენკოვის კაბინეტში ბერია ხრუშჩოვთან, ბულგანინთან და მოლოტოვთან იქნება მიწვეული სათათბიროდ, ხოლო მალენკოვის კაბინეტის მიმდებარე ოთახში ექვსი გენერალი და ერთი მარშალი (!) დაელოდებიან სიგნალს. ზარის ხმაზე ღიპიანი და თმაჭაღარა სამხედროები მალენკოვის კაბინეტში შევარდებიან, ბერიას გათოკავენ და პირაკრულს გაიყვანენ. შემდეგ მანქანაში, უკან, ძირს გართხმულს საკუთარი ფეხებით გადაფარავენ და კრემლის დაცვისგან შეუმჩნევლად გაიყვანენ ტერიტორიიდან. ბერია პირველ ღამეს გაატარებს მოსკოვის სამხედრო გარნიზონის საკანში, შემდეგ კი გადაყვანილ იქნება მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში, სადაც ბერიას „უსაფრთხოებას“ ოთხი ტანკი (!) დაიცავს.

დეკემბერში სასამართლო, რომელსაც მარშალი კონევი (!) თავმჯდომარეობდა, ბერიას დახვრეტას მიუსჯის. დამსჯელთა (დამხვრეტთა) რაზმს გენერალი ბატიცკი (მოსკალენკოს შტაბის უფროსი) უხელმძღვანელებს. ასე „პატივში“ გააცილებენ ბერიას საიქიოში სამხედროები...

ბერიას გაქრობა ბევრ კითხვას დატოვებს, რომლებზეც დღესაც თავს იტეხენ ისტორიკოსები. ვინ იყო ბერია? სტალინის ჰიმლერი? (ასე წარუდგენს ჯუღაშვილი ბერიას რუზველტს იალტის კონფერენციაზე). თუ იდეოლოგიისგან თავისუფალი პრაგმატული მენეჯერი? თუ ქართველი ნაციონალისტი და რეფორმატორი, რომელსაც უნდოდა სსრკ-ისგან გაეკეთებინა კონფედერაციულ სახელმწიფოთა კავშირი, სადაც ყოველ რესპუბლიკას საკუთარი ეროვნული ჯარი და პოლიცია ეყოლებოდა?... 

„სხვა პოლიტიკურ სისტემაში ბერიასგან შეიძლება გამოსულიყო სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი, ან კიდევ... ალ კაპონე, ოღონდ ბევრად უფრო სასტიკი ვიდრე ჩიკაგოელი მაფიოზო გახლდათ“ - აღნიშნავს ბერიას ერთ-ერთი ფრანგი ბიოგრაფი.

ბერიას გაქრობას მალე შეამჩნევს დასავლეთი: „რუსულმა არმიამ მოახერხა პოლიტიკური პოლიციისათვის თავი მოეკვეთა“, - გაზეთ მონდში გამოქვეყნებული სტატიის ეს სათაური კარგად ასახავდა „ბერიას საქმის“ დასავლურ ინტერპრეტაციას. თუმცა დასავლელ „კრემლინოლოგებს“, ისევე, როგორც ხშირად, ამჯერადაც შეეშლებათ: მიუხედავად იმისა, რომ ბერიას დაპატიმრებას სამხედროები განახორციელებენ, „ბერიას საქმე“ 100%-ით პარტიული გახლდათ. სამხედროები მხოლოდ შემსრულებლის როლში დარჩებიან. საბჭოთა დიქტატურა ბევრი ნიშნით განსხვავდებოდა XX საუკუნის სხვა დიქტატურებისგან და ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, საბჭოთა ჯარის სტატუსი გახლდათ: წითელი არმია ყოველთვის იყო ბოლშევიკურ-კომუნისტური პარტიის მიერ დაკაბალებული ჯარი. მეორე მსოფლიო ომიდან ძლევამოსილად გამოსულ ჯარს არათუ არასდროს ექნება ბონაპარტისტული ცდუნება, არამედ პარტიისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტად, ანუ პროფესიონალურ ჯარად ჩამოყალიბებასაც კი ვერ მოახერხებს. იგი დარჩება პარტიის მსახურ არმიად და ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე სამხედროების შემდგომი ბედი ამის კიდევ ერთი კარგი დასტური იქნება.

სხვა სიახლეები