მთავრობამ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)

  • 16 მარტი 21:58
  • 2438

მთავრობამ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციტივით, ევროკავშირის დახმარებით და გაერო-ს ორი სააგენტოს - გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. საქართველოს მთავრობამ სტრატეგია 2016 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის დახმარებითა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტატეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიაში სამი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილია, ესენია - ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, სოციალური საკითხები და გარემოს დაცვა.

„ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, სადაც ჩაშლილია რამდენიმე ძირითადი ამოცანა, რომელიც სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა შეასრულოს და ეს მოხდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელიც სტრატეგიის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს მომავალი წლებისთვის და შემდგომ მოახდენს ამ გეგმის მონიტორინგს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი ინიციატივების გათვალისწინება მოხდება ჩვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები სამ მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს და მათი შექმნა სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

სხვა სიახლეები