სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდასაჭერად ბოულინგის მედიატურნირი გაიმართა

  • 13 მარტი 10:19
  • 5242

სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდასაჭერად, თბილისის მერიის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მედიატურნირი-აქცია „ბავშვები ჩვენი მომავალია“ 12 მარტს „ისთ ფოინთის“ ბოულინგ ცენტრში გაიმართა. ამ ინფორმაციას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მასში ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა.

როგორც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში აცხადებენ, ტურნირმა საინტერესოდ ჩაიარა, თუმცა სპორტული მხარე არ იყო ამ აქციის საკვანძო მოვლენა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი სოციალურად დაუცველი მოზარდების პრობლემატიკის წინ წამოწევა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებით, ამ მიზნით, ტურნირზე მოიწვიეს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის აღსაზრდელები, რომლებმაც ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს. ბავშვებმა ითამაშეს ბოულინგი და მიიღეს მონაწილეობა მათთვის ორგანიზებულ სპეციალურ ტურნირში.

თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი გვილავას თქმით, ასეთი აქციების ჩატარება ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ამგვარ ინიციატივებს მერია მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„დღევანდელი აქცია სპორტული თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალზე კეთილშობილური მისიითაც იყო ორგანიზებული: ერთობლივი ძალებით დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ მოზარდებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ყველამ გარკვეული, თუნდაც მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერაში“, - აცხადებს ირაკლი გვილავა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ აბაიშვილის თქმით, სპორტი და აქტიური დასვენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მისია, რაც 12 მარტს გამართული აქციის მთავარი ხაზი იყო და რაც სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერას გულისხმობდა, განსაკუთრებულია და ქართული საზოგადოებიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს

„ეს ბავშვები ჩევნი მეგობრები არიან, მაგრამ მხოლოდ თბილისის მერია და ჩვენ არ უნდა ვიდგეთ მათ გვერდში. ჩვენი სურვილია ამ საკითხის აქტუალიზაცია და ბედნიერები ვიქნებით, თუ ბავშვებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ“, - აცხადებს მიხეილ აბაიშვილი.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პარტნიორები იყვნენ „კამპა“, „პალიტრა მედია“, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია, “Lo Vision”, Royal Group, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

სპორტული ტურნირი მერიის წარმომადგენლებმა მოიგეს, მეორე ადგილზე გავიდა საინფორმაციო პორტალი „24 საათი“, ხოლო მესამე იყო „რუსთავი 2“-ის გუნდი.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები