მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების გაჟღერებიდან მალევე, არჩილ კბილაშვილი ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი საკონსტიტუციო ცვლილებებით მილიარდერი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე ითხოვდა. თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ივანიშვილი არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებით ისარგებლოს და თვლის, რომ თავისი სამართლებრივი არსით და პოლიტიკური კონტექსტით, ეს ცვლილებები სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიცვალა კოალიციის მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, news.ge არჩილ კბილაშვილს ესაუბრა.
კბილაშვილის თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილება არის პიარ-მოქმედება, კანონებში კი არის ბევრი შემაფერხებელი მომენტი, რომელიც აზრს აცლის მას.
„მე მართლაც ვამბობდი იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტს იღებდა. კერძოდ, მას ჯიბეში რჩებოდა ფრანგული პასპორტი და დამატებით იძენდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას და იმ უფლებასაც, რომ არჩეული ყოფილიყო უმაღლეს თანამდებობებზე. ზოგადად, ეს სწორი აზრია და ახლაც მხარს ვუჭერ. ოღონდ, რეალობა, როგორც განხორციელდა ეს ცვლილებები, არის არასწორი. ანუ დღეს, კონსტიტუციაში შევიდა მხოლოდ ის ცვლილებები, რომელიც მას ანიჭებს უფლებას დარეგისტრირდეს საარჩევნო ბიულეტენში, მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტად ან პარლამენტის თავამჯდომარედ. მაგრამ ამას ბევრი მოუწესრიგებელი რამ მოყვება - ცვლილებები 2014 წლის პირველ ინავრამდეა ძალაში. ისმის კითხვა - რა ხდება 2014 წლის 2 იანვარს? არჩეულია პრემიერ-მინისტრი, დაკარგა კონსტიტუციამ ძალა და რა უნდა ქნას, როცა უკვე სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა? მეორეც - დღეს, ჩვენს კანონში და კონსტიტუციაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიის დაარსების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. ესეც უნდა შეცვლილიყო ამ შემთხვევაში, თორემ თუ პოლიტიკური პარტიის დაარსების უფლება არ აქვს, მისი თავმჯდომარეობის უფლება არ აქვს, რა გამოდის? გარდა ამისა, კანონმდებლობით პოლიტიკური კამპანიის განხორციელების უფლება აქვს მარტო საქართველოს მოქალაქეს. და კიდევ ბევრი სხვა შეუსაბამობაა. როცა ვამბობდი რომ ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით უფრო მეტს მიიღებდა, მაშინ ვგულისხმობდი იმასაც, რომ კონსტიტუციის ცვლილებებთან ერთად, ეს შიდა კანონები უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. დღეს, ეს კანონები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს ვის ვუმტკიცოთ და სად ვუმტკიცოთ, რომელ სასამართლოს?“ - ამბობს არჩილ კბილაშვილი news.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასს უწოდებს, არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ კოალიცია თავიდანვე ამ აზრის იყო - „ჩვენ მაშინაც კი, როდესაც ვამბობდით, რომ მეტ უფლებას იღებს საკონსტიტუციო ცვლლილებებით, ვგმობდით ამას და ვამბობდით, რომ საკითხის გადაწყვეტა ამ ფორმით დაუშვებელია. იმიტომ რომ ერთი კაცის გამო კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება.“
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინა.
სასამართლომ ძალაში დატოვა 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება ნაწილობრივ ცნო ბათილად და საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს აღუდგინა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 21 დღეში უნდა გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში. ადვოკატების, თქმით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელებას უზენაეს სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საქმე უზენაესში მხოლოდ ფორმალურად გასაჩივრდება, რის შემდეგაც ისინი სარჩელით ევროსასამართლოს მიმართავენ. ერთ-ერთი ადვოკატის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სასამართლომ საქმის განხილვა შეგნებულად გააჭიანურა. მისი თქმით, სააპელაციო საჩივარი იანვრის თვეში შეიტანეს, საქმის განხილვა კი ივნისში დაინიშნა.
სხვა სიახლეები

