მესტიის მიმართულებით გზა გახსნილია - რეგიონში დიდთოვლობის გამო საგანგებო შტაბები მუშაობენ

  • 17 თებერვალი 15:26
  • 355

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ავრცელებს.

მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შატაბები, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს. 

ამ დროისთვის, ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, თოვლისგან გაწმენდითი სამუსაოები შიდა გზებზე ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. 

ჯვარი-მესტიის გზაზე ჩამოწოლილი ზვავი გაწმენდილია და ზემო სვანეთის მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობის და დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით სწავლა შეწყვეტილია. ამ დროისთვის მიქავას, ნაკიფუს, ობუჯის, ჯგალის, საჩინოს და ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. პრობლემურ ადგიოლებზე გასულია „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე სანტრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. 

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამოდენიმე სოფელს. ყველა დაზიანებულ უბანში გასულია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები და ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება უახლოეს საათებში. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებში და 12 საჯარო სკოლაში. 

ქალაქ ზუგდიდში ინტენსიური თოვის გამო მერიის სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასული. მთელი დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები, მწვანე ნარგავები, ასევე ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები. იყრება ტექნიკური მარილი. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ წუთებში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგეობის საგანგებო შტაბი გამგებლის ხელმძღვანელობით სადღეღამისო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ტექნიკა. ტექნიკური მარილი იყრება ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა სამსახურის წარმომადგენლები თოვლის საფარისგან მწვანე ნარგავების გაწმენდას აწარმოებენ. უშაფათის, ფოცხოს, მენჯის, და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. 

აბაშა - მუნიციპალიტეტში ცენტრალური საავტომობილო ტრასა და ქალაქის ქუჩები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის, თოვლის გამო გზებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი შეუზღუდავად მიეწოდება, არ შეფერხებულა სასწავლო პროცესიც. 

დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში დარეკეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: 591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი).

სხვა სიახლეები