მეუფე პეტრე: დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ხელისუფლება და საპატრიარქო

  • 17 თებერვალი 15:30
  • 1344

დიდ სკანდალში და შარში გაეხვა მთავრობა და საპატრიარქო, ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგიმ საპყრობილე პატრიარქის ჩამოსვლისთანავე უნდა დატოვოს.  მეუფე პეტრეს განცხაებით, ხელისუფლებამ და ეკლესიამ ერთად უნდა გააკეთოს განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით. 

„მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები, თითქმის გამართლდა 100 პროცენტით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვა ეკლესია და ხელისუფლება ერთად ორივე. მე მიმაჩნია, რომ მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე დატოვოს საპყრობილე და მე პირადად მზად ვარ, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ეს ადამიანი, როგორც უდანაშაულო, იქნეს დაცული.

როდესაც ჯგუფი პატრიარქის თანმხლები პირებისა და წმინდა სინოდისა ჩამოვა და ჩვენ შევიკრიბებით, ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება განცხადება გაკეთდეს და საერთო პრესკონფერენციის გაკეთება ალბათ ერთად მოგვიწევს.

მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის „კაკებეშნიკური“ დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარში. ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთი მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ. მეუფე იაკობზე ვთქვი, რომ პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ინტრიგისა უნებლიედ.

დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ ამ ქალის მმართველობა დღემდე, ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარმოაგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.

სხვა სიახლეები