"მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები"

  • 17 თებერვალი 00:31
  • 1052

16 თებერვალს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით:

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ.

ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს".

ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს: 

"ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ინტენსიური ურთიერთობების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას და უზრუნველვყობთ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებაში".

ბრიუსელში შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა.

სხვა სიახლეები