"დადგება დრო, პროკურატურას თითოეული სიტყვის უკან წაღება მოუწევს"

  • 17 თებერვალი 00:03
  • 728

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა - დადგება დრო, პროკურატურას თითოეული სიტყვის უკან წაღება მოუწევს.

ადვოკატის თქმით, მას სისტემატური კონტაქტი აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან, განსაკუთარებით, მის ძმასთან და ისინი ძალიან განიცდიან იმ მდგომარეობას, რომ დაირღვა გიორგი მამალაძის მიმართ პირველ რიგში უდანაშაულობის პრეზუმფცია და, შესაბამისად, ვერ ხდება ამ ხნის განმალობაში მისი უფლებების დაცვა საზოგადოების წინაშე.

„როცა ბრალდებები მხოლოდ ერთი მხრიდან ისმის და არ ისმის საპასუხო არგუმენტები მეორე მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, ზოგადად, რთული და განსაკუთრებით რთულია მისი ოჯახის წვერებისა და ნათესავებისთვის“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობის გამო, ის შეზღუდულია ისაუბროს საქმის დეტალებაზე, მათ შორის, გარკვეული დოზით ოჯახის წევრებთანაც კი შეზღუდულია, შესაბამისად, გიორგი ფანცულაია პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბრის აკრძალვის მოხსნას ითხოვს.

„თუ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ჩვენ ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბროთ, საზოგადოებას ნამდვილად დავარწმუნებთ იმის თაობაზე, რომ მამა გიორგის, რასაც ედავებიან, აბსურდული ბრალდებაა. ეს რომ სიცრუე იყოს, რამდენიმე დღეში ხომ გამოჩნდება. ჩემი სიტყვები რომ მართალია, ეს დღითიდღე მართლდება“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მას პირდაპირი პასუხის გაცემა არ შეუძლია, ამიტომ „ირიბი პასუხების გაცემა უწევს“.

„სახალხო დამცველის პოზიცია, როდესაც ის გამოვიდა და დააფიქსირა, რადიკალურად განსხვავდება პროკურატურის პოზიციიდან. შესაბამისად, ჩემი პასუხი იქნება ის, რომ ასეთ შემთხვევაში შეგიძლია მაგალითად აიღოთ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება, ხოლო მე სამწუხაროდ, მიწევს ირიბი პასუხების გაცემა“, - განაცხადა ფანცულაიამ.

„როგორც დღეს უკვე შეასუსტეს ამ პოზიციის დაცვა, დადგება დრო, თითოეული სიტყვის უკან წაღება მოუწევთ, ოღონდ ამას მე არ ვსაუბრობ კონფრონტაციული ტონით, არამედ მე ვსაუბრობ სამართლებრივ სივრცეში“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის შეფასებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო. მისი აზრით, პრემიერ-მინისტრიც შეცდომაშია შეყვანილი.

„გულწრფელად მჯერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ საკითხით რეალურად დაინტერესდება, პირველ რიგში, ვინ შეიყვანა შეცდომაში და ასევე დაინტერესდება იმ კუთხით, ხომ არ დაირღვა მამა გიორგის უფლებები. მე მჯერა ეს ყოველგვარი გულუბრყვილობის გარეშე“, - განაცხადა ფანცულაიამ.

სხვა სიახლეები