"შეიძლება თუ არა შემოწმდეს, როგორ იხარჯებოდა ამ ხნის განმავლობაში მილიონები საპატრიარქოში?"

  • 16 თებერვალი 14:58
  • 598

საიტი metronome.ge აქვეყნებს წერილს - "საერთო ბიზნეს-ინტერესები: რაში დასჭირდა ხელისუფლებას საპატრიარქოს თემა და რა დამალა პროკურატურამ?", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"შეიძლება თუ არა შემოწმდეს, როგორ იხარჯებოდა ამ ხნის განმავლობაში მილიონები საპატრიარქოში?

მას შემდეგ რაც პროკურატურამ დაადასტურა, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია და მას ბრალად მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის მკვლელობის მომზადება შხამიანი ნივთიერებით ციანიდით ედება, საზოგადოებაში და თავად სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები და ეჭვები, რომელიც აღნიშნული საქმის ირგვლივ გამოითქვა.

საზოგადოების დაბნეულობა კიდევ უფრო, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა და კომენტარებმა გამოიწვია. მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძემ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან ციანიდი შეიძინა და მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა.

ამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა პარლამენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ მამალაძის დაკავებით, ქვეყანამ სახელმწიფო დესტაბილიზაცია თავიდან აირიდა.

საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, რომ მამა გიორგი მამალაძეს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოწამვლა სურდა.

შეგახსენებთ, რომ მამალაძე 10 თებერვალს, აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც გერმანიაში, პატრიარქის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა.

მამა გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. იგი დუმილის უფლებას იყენებს. ხოლო ახლობლები ეჭვობენ, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაიგეგმა. ისინი სპეცსამსახურების კვალსაც არ გამორიცხავენ.

ჩნდება კითხვები, რომლებსაც პასუხები სჭირდება:

აქამდე უცნობია ის პირი, ვინც პროკურორის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი მიჰყიდა.

მთავარმა პროკურორმა შოთაძემ განაცხადა, რომ მამალაძეს ანგარება ამოძრავებდა თუმცა, ასევე უცნობი დარჩა კონკრეტულად რას გულისხმობდა პროკურორი…

ისმის კითხვა, რატომ ყიდულობს მამა გიორგი მამალაძე ციანიდს უცნობი ადამიანისგან და შემდეგ ამის შესახებ, ნაცნობებს უხსნის რომ შხამიანი ნივთიერება სასულიერო პირის მკვლელობისათვის სჭირდება?

რას ნიშნავს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ასეთი განცხადებები და აქცენტის კეთება იმაზე, რომ მამალაძეს მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის მოკვლა სურდა, როდესაც არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის შესაძლო მცდელობას ედავება.

ადვოკატის, მამუკა ნოზაძის თქმით, დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად არა პატრიარქის, ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება.

ნოზაძის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის მითითებული შორენა თეთრუაშვილის გვარი. შესაბამისად, ადვოკატს უკვირს, რატომ აკეთებს მთავარი პროკურორი მსგავსი სახის განცხადებას, რომელსაც შემდეგ პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრები ჰყვებიან.

„დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის მიმართ ბრალში არ ფიგურირებს ის ვერსია, რაც ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს მთავარი პროკურატურა, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და რატომ ქმნიან აჟიოტაჟს, თითქოს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობას ადგილი ჰქონდა.

გიორგი მამალაძეს, ოფიციალურად, ბრალად ედება, ვითომდა, მან შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა სცადა. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული შორენა თეთრუაშვილის გვარი.

ანუ, სიმართლე არის ის, რომ არათუ მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, არამედ, დაბალი იერარქიის მღვდელზეც კი არ არის საუბარი. მე ეს ინფორმაცია მაქვს სანდო წყაროდან, ეს გახლავთ ოფიციალური ვერსია და სხვათა შორის, როდესაც სახალხო დამცველმა ბრალდებული მამალაძე მოინახულა, კომენტარისას ეს ვერსია გაამყარა“, – ამბობს ადვოკატი.

რა ხდებოდა მანამდე და როგორ მოხდა საზოგადოების ფსიქოლოგიური მომზადება?

მამა გიორგი მამალაძის დაკავებამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აქტიურად გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი აპირებდა ფარული აუდიოჩანაწერი მილიონებად გაეყიდა, სადაც თითქოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს აუგად მოიხსენიებდა…

მოკლედ, ერთის მხრივ, საზოგადოებაში შეიქმნა მოსაზრება, რომ მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მართლაც არსებობდეს.

შესაბამისად, არ გამოირიცხებოდა მისი გავრცელების საფრთხეც. თუ ბუნებაში რამე არსებობს, მისი აღმოჩენის შანსი ყოველთვისაა.

მეორე მხრივ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ისეთი სახის აუდიო ჩანაწერის გავრცელებას, სადაც ბატონი ბიძინა ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას – უწმინდესსა და უნეტარესს აუგად მოიხსენიებს.

ამიტომ, მამა გიორგი მამალაძის დაკავებისა და შოთაძის ბრიფინგის შემდეგ წარმოიშვა კითხვა: ხომ არ იყო პატრიარქის მოწამვლის მცდელობა სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია, ივანიშვილზე არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსის გადასაფარად?

მითუმეტეს მამალაძის დაკავებამდე, მედიის საშუალებით, პატრირაქის შესაძლო მოწამვლაზე და არსებულ საფრთხეზე არაერთი ადამიანი საუბრობდა.

ხელისუფლებას მამალაძის დაკავებით ხომ არ სურდა შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ყველაფერს აკეთებს პატრიარქის უსაფრთხოებისათვის, აკავებს სასულიერო პირს, ხსნის მისი მკვლელობის მომზადების ფაქტს, ხომ ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის მიერ ილია მეორის აუგად მოხსენიება?

საზოგადოებაში არსებული კითხვები კი მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო წერილმა გაამყარა, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა. მამალაძე საპატრიარქოში და სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან არსებულ კორუფციაზე საუბრობს. ის უწმინდეს წერილით მიმართავს, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ საუბრობს.

„საქართველოს საპატრიარქოს 100 % წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან.

მაგალითად: ნავთობპროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავება, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები და ა.შ.

ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

საკითხს ის ართულებს, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად დარეგისტრირდა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია…

სამწუხარო კი გახლავთ ის, რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილი პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები სამწუხაროდ ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად არ ისახება კარგად…

საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს დღემდე გაურკვეველი კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე ფინანსურ დავალიანებებში იმყოფებიან და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია, რაც საბოლოო ჯამში ეკლესიის ზოგად ქონებას საფრთხეს უქმნის“, – წერს მამლაძე წერილში, რომლის ავთენტურობას ის ვერ ადასტურებს, თუმცა დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა, რომ მან პატრიარქისთვის მიწერილი წერილების არსებობა დაადასტურა, რომლებიც უფრო მწვავე შინაარსს ატარებენ.

რატომ დაარღვიეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა უდანაშაულობის პრეზუმპცია, როდესაც მამა გიორგი მამალაძის ირგვლივ განცხადებები გააკეთეს.

რა ინტერესი შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს მამალაძის საქმის ირგვლივ და რა თემების გადაფარვას ემსახურება ის აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში მათმა განცხადებებმა გამოიწვია?

ეს მხოლოდ კითხვა და ვერსიაა, რომელსაც მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. დანარჩენი კი, გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების სიმყარესა და კანონიერებაზე იქნება დამოკიდებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებით ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების მიღება უნდა. მისი თქმით, მათი დაინტერესება და ამ სახის განცხადებების გაკეთება უამრავ კითხვებს ბადებს.

მისი აზრით, მამალაძე შესაძლოა საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელი იყოს, რომელიც არა მხოლოდ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდეს, არამედ კორუფციულ სქემაში თავად ხელისუფლების მაღალი პირების მონაწილეობაზეც იყოს საუბარი. დეპუტატის აზრით, მას ვიღაც განზრახ იშორებს და ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს.

”ნაცვლად იმისა, რომ არსებულ მითქმა-მოთქმას ბოლო მოუღონ და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ, ჭორების გავრცელებას უწყობენ ხელს. დღემდე არავინ იცის, რა ხდება რეალურად. დიდი ხანია ხელისუფლება საპატრიარქოს საქმიანობაში ერევა, იქნება ეს ფინანასური თუ სხვა.

ჩვენ გვახსოვს საბიუჯეტო დახმარებები მერიიდან, პრემიერის სარეზერვო ფონდიდან, იგივე ბობოყვათის 25-მილიონიანი აგარაკის გადაცემა და ა.შ. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა.

დღეს მიმდინარე პროცესებითაც ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების მიღება უნდა. ყველამ კარგად იცის, რომ ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე იაკობ იაკობიშვილი პრემიერის მეგობარია და ის პატრიარქობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

ხელისუფლება ცოტა ფრთხილად იყოს თორემ იმას მიიღებს რასაც ეძებს. მამალაძემ ხელისუფლების კორუფციული სქემაც ხომ არ გახსნა, რომელსაც საპატრიარქოში ადგილი აქვს? ჯობია კითხვებზე პასუხი გასცენ. რა თქმა უნდა, რომ საპატრიარქოს დაფინანსების საკითხიც გადასახედია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების საერთო ბიზნესები სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება. ამიტომაც, მამალაძის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დეკანოზის დაკავებით ხელისუფლების გარკვეული წრეებიც იყვნენ დაინტერესებულები, რადგანაც მამაო ვიღაცას ცუდად შეეხო. მისი აზრით, საქმე რაც უფრო იქექება, სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვები ჩნდება.

კორძაია გაკვირვებას გამოთქვამს, რატომ გააკეთეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა განცხადებები, რომ მამალაძეს შესაძლოა პატრიარქის მოწამვლა სურდა, როდესაც არაოფიციალური ინფორმაციით, მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება ბრალად.

“მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კორუფციაში არიან ჩარეულები, მათ აქვთ საერთო ბიზნესები.

მათი საერთო ბიზნესები დასტურდება არაერთი ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან. ამისა შემოწმებას ხომ დიდი არაფერი უნდა? მამა გიორგი მამალაძე ჯერ კიდევ საკითხავია რეალურად ვის დაუპირისპირდა.

ეკლესიას წმინდა ფულადი სახით 200 მილიონზე მეტი აქვს მიღებული, ასევე 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის სახით. საქართველოს მოსახლეობა რატომ არის ვალდებული, რომ ამდენი თანხა კომპენსაციის სახით იხადოს? ჩვენს მოსახლეობას ეს იქნებ ვინმემ საერო ხელისუფლებიდან, ან სასულიერო ხელისუფლებიდან აუხსნას”? – განაცხადა თამარ კორძაიამ.

“მეტრონომი” შეეცადა პროკურატურასთან კომუნიკაციას, თუმცა როგორც სხვა თემებთან დაკავშირებით, უწყება აქაც ჩაკეტილი აღმოჩნდა. მიუხედავად შოთაძის დაპირებისა, რომ პროკურატურა საზოგადოებისთვის გახსნილი იქნებოდა, ესეც ტყუილი აღმოჩნდა.

ბოლოს კი, რადგან ურემი გადაბრუნებულია, იქნებ ქართულ საზოგადოებას გზა ვინმემ დაანახოს?! მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს ეჭვები, რომ ის მილიონები რომელიც ხალხის ჯიბეებს აკლდება და ირიცხება საპატრიარქოში, შესაძლოა არასწორად იხარჯებოდეს. შეიძლება თუ არა გაკონტროლდეს საზოგადოების მიერ საპატრიარქოში გადახდილი თანხები? შეიძლება თუ არა შემოწმდეს როგორ იხარჯებოდა ამ ხნის განმავლობაში მილიონები საპატრიარქოში? ჩვენ პატივს ვცემთ საპატრიარქოს, სასულიერო პირებს, ჩვენს რელიგიას, მაგრამ თითო-ოროლა არაკეთილსინდისიერი ადამიანი ყველა ინსტიტუციაში შეიძლება არსებობდეს."

სხვა სიახლეები