არჩევნებამდე თვეებით ადრე საარჩევნო სიის დახვეწის პროექტი დაიწყო

  • 16 თებერვალი 13:30
  • 339

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, არჩევნებამდე თვეებით ადრე საარჩევნო სიის დახვეწის პროექტი დაიწყო . იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორია:

• რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);

• რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი);

• მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები;

• რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები;

• მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის პირადობის მოწმობების გაცემის უფასო აქცია გუშინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, უკვე 554-მა პირმა ისარგებლა აქციით.

ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის სხვადასხვა აქციების ფარგლებში უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია.

აღსანიშნავია ის, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის აქციის ფარგლებში 147 116-მა უსაბუთო და 10 063-მა რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა უფასოდ მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, 2016 წლის 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობების მიღება ყველა მოქალაქისთვის იყო უფასო, რა დროსაც 193 648 პირზე გაიცა ეს დოკუმენტი.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

 

სხვა სიახლეები