დიდთოვლობის გამო, რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეუწყდა

  • 16 თებერვალი 10:57
  • 220

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაობი წუხელ რეგიონის ცენტრალურ გზებზე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

„ამ დროისთვის გზები გაწმენდილია ტყაიას, ჩხორიას, გრიგოლიშის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის მიმართულებით, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი ტექნიკა გასულია და გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფლის მიმართულებით ჩატარდება“, - აცხადებს გუბერნატორის ადმინისტრაცია.

მათივე ინფორმაციით, დიდთოვლობამ ელექტრო გადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოცა ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება გრიგოლიშის, რიყეს და ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს. „ენერგო პრო ჯორგია“ პრობლემურ ადგილებში სამუშაოებს აწარმოებს და მოსახლეობას ელექტრო ენერგიით მომარაგება უახლოეს მომავალში აღუდგებათ.

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია 13 ადმინისტრაციული ერთეულიდან არ მიეწოდება სოფელ ნაკიანს, მუხურს, თაიას, ლესიჭინესა და ჭოღის ცალკეულ უბნებს“, - აცხადებს გუბერნატორის ადმინისტრაცია.

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით, ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას უახლოეს საათებში აღუდგება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მომართვიანობას საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტბში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს.

ახალი ამბები

2325 სტატია

სხვა სიახლეები