"უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად"

  • 15 თებერვალი 16:31
  • 2271

მაკა ასათიანს ბევრი ქართველი სილამაზის ეტალონად მიიჩნევს.  დიზაინერი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და სამშობლოს იშვიათად სტუმრობს.

ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე, რომელიც მაკა ასათიანის ახლო მეგობარია, მის შესახებ აღფრთოვანებით საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალიდან "თბილისელები":

"კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავჯექით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო? 

საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მაკას მეუღლე - კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო.

ყველამ კოტეს შევხედეთ. კოტემაც - არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო.

ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო - დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ.

ეს კაცი იმ მაგიდიდან მოვიდა, სადაც ფოტოებს იღებდნენ და ვკვდები ინტერესით, ვინ არის. მაკას ვუთხარი, დაუძახე რესტორნის მფლობელს, ჰკითხე, უნდა "დავგუგლო", თორემ გავგიჟდები, რომ არ გავიგო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი.

ვწერ სახელს და გვარს "გუგლში" და ვინ აღმოჩნდა? - კლუბ "ბარსელონას" მფლობელი. მერე კარგა ხანს "ბარსელონას" ვეძახდით მაკას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ღრმა და საინტერესო ამ სილამაზესთან ერთად - ძალიან იშვიათია ასეთი ტანდემი".

სხვა სიახლეები