ტოკიოში გამართულ კონკურსზე 12 დასახელების ქართულმა ღვინომ წარმატება მოიპოვა

  • 15 თებერვალი 12:06
  • 304

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე 12 დასახელების ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები - ერთი „ორმაგი ოქრო", ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

სამინისტროს განცხადებით, „საკურას" საერთაშორისო კონკურსი The 4rd "Sakura" Japan Women's Wine Awards 2017  მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

„მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.

სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, კონკურსზე ორმაგი ოქრო დაიმსახურა კომპანია „ვაიანის“ - საფერავი 2015-მა.

ოქროთი დაჯილდოვდა „ბინეხია“ - საფერავი 2015, „თელავის ღვინის მარნის“ - კონდოლი საფერავი 2014, „თელავის ღვინის მარნის“ - სატრაპეზო საფერავი 2013, „მილდიანის“ - ქინძმარაული 2014, „ვაზიანის“ ქისი 2015, „მეღვინეობა ხარებას“ - საფერავი 2013.

ვერცხლით დაჯილდოვდა „თელავის ღვინის მარნის“ - მუკუზანი 2014, „მილდიანის“ - საფერავი რეზერვი 2011, „შუმის“ - საფერავი BIO 2014, „მეღვინეობა ხარებას“ - ქინძმარაული 2014, „ბესინის“ - ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013,  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საკურას" კონკურსში „ორმაგი ოქროს" ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს - „ბრილიანტის“ (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.

ახალი ამბები

2652 სტატია

სხვა სიახლეები