ძალოსნობაში თბილისის ღია პირველობა 13-15 თებერვალს გაიმართება

  • 12 თებერვალი 17:16
  • 558

თბილისის ღია პირველობა ძალოსნობაში ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრში 13-15 თებერვალს გაიმართება. ამ ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

ტურნირში მონაწილეობას 15 და 17 წლამდე ჭაბუკები მიიღებენ. ფედერაციის ინფორმაციით, 15-წლამდელები 9 წონით კატეგორიაში, ხოლო 17-წლამდელებში 8 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. ჩემპიონატში საქართველოს 10 რეგიონიდან 120 სპორტსმენი მონაწილეობს.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის ძალოსნობის ფედერაცია, გენერალური სპონსორი კი, - თბილისის მერია.

„ყველას გიწვევთ დარბაზში. ეს იქნება 2017 წლის ძალოსნობის სეზონის გახსნა. ამ ტურნირზე დაიწყება საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად საუკეთესოების სელექცია. 2016 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ძალოსნობის განვითარების უფრო აგრესიული პროგრამა. ეს აუცილებელი იყო და არის.

გაიხსნა არაერთი დარბაზი და უკვე მიდის კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოები. მაგრამ ამ დარბაზებში უნდა შევიდნენ სპორტსმენები, რაც მხოლოდ ძალოსნობის პოპულარიზაციით შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი. 

მისი თქმით, ქვეყანაში ნებისმიერი ტურნირის ჩატარება მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. სირბილაშვილი თბილისის მერიას და კომპანია „გალერეა იტალიანას“ გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„წელს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას 120 სპორტსმენი, რაც ახალი რეკორდია. ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ამდენი მონდომებული მონაწილით გახსნა. შარშან უკვე გავხსენით 14 დარბაზი და წელს მათ რიცხვს კიდევ 2 დაემატა.

ინფრასტრუქტურა ვითარდება და ამის შედეგია მონაწილეების საერთო რიცხვის გაზრდა. ჩვენი მიზანია ძალოსნობის წინსვლა. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, - აცხადებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისის ღია პირველობა 2013 წლიდან ტარდება.

ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას თქმით, ყველაფერი მზად არის პირველობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

ძალოსნობის ფედერაციის განცხადებით, ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრის დარბაზი გულშემატკივრებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 12:00 საათიდან ელოდება.

ახალი ამბები

2325 სტატია

სხვა სიახლეები