კასპში ძალოსნობის ახალი დარბაზი გაიხსნა

  • 31 იანვარი 20:32
  • 1910

კასპში ახალი სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ინფორმაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მუნიციპალური განვითრების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად 31 იანვარს შიდა ქართლის რეგიონში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხელ ყაველაშვილი იმყოფებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნეს სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ძალოსნობის დარბაზი.

სპორტკომპლექსის გახსნას ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და ჟურნალისტები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის ახალი დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ფედერაციის დახმარებით, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი ასობით ახალგაზრდასა და სპორტის მოყვარულ ადამიანს მოემსახურება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებებისათვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს-დარბაზს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშენდა კალათბურთის სრულიად ახალი დარბაზი. დამონტაჟდა საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. პროექტის განსახორციელებლად ჯამში 2. 400.000 ლარზე მეტი დაიხარჯა, სამუშაოებზე კი 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ კასპის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლიც რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება და ეს იქნება ძალიან კარგი საჩუქარი ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის და მომავალი თაობისათვის.

მსურს საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სპორტის მხარდაჭერისათვის, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესში.

სპორტულ ფედერაციებთან და სპორტსმენებთან ერთად, ჩვენ ყველას განსაკუთრებულად გვიხარია, რომ მთავრობა მართლაც რომ დიდ რესურსს და ყურადღებას უთმობს სპორტის განვითარებას საქართველოში. ასეთი მხარდაჭერა სამომავლოდ ჩვენი წარმატებების საწინდარი იქნება.

მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად გავხსენით სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ძალოსნობის დარბაზი, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ძალოსნობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა. ამიერიდან, რეგიონში არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას ექნება საშუალება დაკავდეს ძალოსნობით და შემგომში ასახელოს საქართველო.

ვფიქრობ, ასეთი აღმშენებლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მთელს რეგიონებში, რაც ხელს უწყობ ჩვენი ქვეყნის სამომავლო წინსვლას“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ახალი ამბები

3163 სტატია

სხვა სიახლეები