ევრო 2012. ნახევარფინალი
დონეცკი. «დონბას არენა»
პორტუგალია - ესპანეთი 0:0 (2:4 პენალტების სერიაში)
მიმდინარე ევროპის პირველობაზე პენალტების სერია მეორედ ვიხილიეთ, პირველად ეს იტალია - ინგლისის მატჩში მოხდა. იმ პენალტების სერიაში ყველაფერი პირლოს „პარაშუტმა“ გადაწყვიტა. იტალიელთა ნახევარმცველი მივიდა ნიშნულთან, დაელოდა სანამ ინგლისელთა კიპერი ჯო ჰარტი კუთხეში გადახტა და ბურთი ეგრედ წოდებული „პარაშუტით“ კარის ცენტრში გააგზავნა. თავად პირლომ თქვა, რომ მისმა პენალტმა ბრიტანელები გატეხა. ინგლისის ნაკრების მომდევნო ფეხბურთელმა პენალტის შესრულებისას კინაღამ ძელი გაღუნა. ესპანეთ - პორტუგალიის მატჩში ისტორია განმეორდა. როდესაც ბურთთან სერხიო რამოსი მიდიოდა, ალბათ ბევრს გაახსენდა „რეალი“ - „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და რამოსის მიერ პენალტის ნიშნულიდან ზეცაში გაშვებული ბურთი, ამჯერად სერხიო შეუდარებლი იყო. ესპანელთა მცველმა პირლოს გმირობა ზედმიწევნით გაიმეორა. განმეორდა შემდგომი მოვლენებიც. სერხიო რამოსის შემდეგ ბურთთან ბრუნო ალვეში მიდის და უძლიერესი დარტყმით ძელის სიმტკიცეს ამოწმებს. შემდეგ უკვე ფაბრეგასის ჯერი დადგა, „ბარსას“ ნახევარმცველს გოლი გააქვს, ესპანეთი ფინალში გადის, რონალდუს კი პენალტის დარტყმაც არ დასცალდა.
ასეთი იყო საკმაოდ დრამატული მატჩის ფინალური წუთები, მანამდე კი იყო 120 წუთიანი მეტად დამქანცველი ბრძოლა საგოლე მომენტების გარეშე.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები დიდი ტურნირის ზედიზედ მესამე ფინალს ითამაშებს. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2010 წლის მუნდიალი და აი ევრო 2012. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ გფრ-ს ნაკრებს ჰქონდა გაკეთებული (1972 წლის ევროპის პირველობა, 1974 წლის მუნდიალი და 1976 წლის ევროპის ჩემპიონატი)
სხვა სიახლეები
