"ზღვარი არ აქვს არც სიკეთეს და არც ბოროტებას, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი - არასდროს ბოროტება დაუსჯელი არ დარჩება"

  • 22 იანვარი 23:54
  • 1348

ზღვარი არ აქვს არც სიკეთეს და არც ბოროტებას, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი - არასდროს ბოროტება დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა, რომ ბოროტება ადრე თუ გვიან ღვთის მიერ დაისჯება, ხოლო სიკეთეს აქვს პერსპექტივა და მომავალი.

”ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრება არის წუთიერი ცხოვრება, მხოლოდ გაელვება. როგორც არის ნათქვამი სახარებაში: - შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. სინანული არის დასაბამი ყოველი სიკეთისა - სინანულიდან იწყება რწმენა, სიკეთე, თავდადება ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და ხდება მისი სულიერი ფერისცვალება. სულიერი ფერისცვალება აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისთვის. ზოგჯერ ადამიანს ცხოვრებაში ისეთი მომენტი უდგება, როცა ყოყმანებს, ხდება გაორება. ერთი ხმა ეძახის: ”ასე გააკეთე”, მეორე ხმა ეძახის: - ”არა, რა საჭიროა ეს”. თუკი ჩვენ ვიცით, რა არის სიკეთე, რა არის წყალობა, რა არის სიყვარული, რა არის რწმენა, აუცილებლად იმ არჩევანს გავაკეთებთ, რისკენაც სიკეთე გვეძახის”, - აღნიშნა მან.

ქადაგებისას მიტროპოლიტმა ვახტანგმა ისიც განაცხადა, რომ ქრისტიანობა არის ყველაზე ამაღლებული, ჰუმანური რელიგია.

”რელიგიები შეიძლება იყოს თავისი სიდიადით, თავისი სწავლებით, ჰუმანიზმით, ზნეობით, მაგრამ თუ ის სულის უკვდავებას არ ქადაგებს, ის პირადად ჩემთვის მკვდარია და ის ყველა ადამინისთვის კვდება. ქრისტიანობა სწორედ სულის უკვდავებას, მარადიულობას ქადაგებს, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ”ეს რომ არ იყოს, ფუჭი და ამაო იქნებოდა ყოველიო”, - ბრძანებს პავლე მოციქული”, - მიმართა მრველს მიტროპოლიტმა ვახტანგმა.

სხვა სიახლეები