„გირჩი“ სამართალდამცველებს მოუწოდებს, კანონის აღსრულება იმ პირებით დაიწყონ, ვინც მარიხუანას კულტივირება საჯაროდ მოახდინა

  • 19 იანვარი 18:47
  • 680

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ განცხადებით, შს სამინისტროსთვის დასაშვებია მოქალაქეები „პრივილეგირებულ“ და „არაპრივილეგირებულ“ ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა.

ამის შესახებ აღნიშნულია დიაკვან გიორგი ჯახუას საქმეზე შსს-ს რეაგირებასთან დაკავშირებით „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც news.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე საათის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, თითქოს გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.

„გირჩი“ განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს შსს-ს განცხადების ამ პასაჟს, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ გიორგი ჯახუას ნებისმიერ სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას.

მათი ეს ნაბიჯი ასევე დასტურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასაშვებია მოქალაქეთა ნაწილი - პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები და სასულიერო პირები „პრივილეგირებულ“, ხოლო რიგითი მოქალაქეები „არაპრივილეგირებულ“ ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანის ბუნებრივ, ღვთისგან ბოძებულ უფლებათა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში, კანაფის დათესვისა და კულტივაციის გამო არ იდევნებოდნენ ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან უწყებებს, თუ აპირებთ გააგრძელოთ არსებული ნარკოპოლიტიკა, სახლებში შეუვარდეთ და ღირსება შეულახოთ ადამიანებს კანაფის კულტივაციის გამო, ეს პროცესი დაიწყოთ „გირჩის“ იმ წევრებისგან, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინაშე ჩავიდინეთ ეს ე.წ. „დანაშაული“, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი მორალური უფლება არ გრჩებათ მალულად „უსწორდებოდეთ“ ქვეყნის წესიერ მოქალაქეებს“, - აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები