"არის ევროპის ენერგეტიკული ქარტია, რომლის წევრიც საქართველო არის, რუსეთი არ არის. რა ევროპულ სტანდარტებზე მელაპარაკებიან?!"

  • 11 იანვარი 23:06
  • 825

ჩვენ არ ვიცით რა მოლაპარაკება იყო, რა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ქართული მხარე, - ამის შესახებ ეკონომისტმა, ვლადიმერ პაპავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა, რითაც ”გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

”თუ ჩვენ გაზს უშუალოდ რუსეთიდან არ ვყიდულობთ და თუ დავუჯერებთ მთავრობას, თურმე არ ვყიდულობთ, ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომელსაც გვაწვდის ენერგეტიკის მინისტრი და მისი მოადგილე. აქედან გამომდინარე, თუ ამას დროზე დავიწყებდით, იყო ძალიან სერიოზული რამ - გატარება-არ გატარების საკითხი. ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვატარებთ მხოლოდ ამ პირობით. რაც შეეხება საერთაშორისო ვალდებულებებს, ზღაპარია ეს ყველაფერი. არის ევროპის ენერგეტიკული ქარტია, რომლის წევრიც საქართველო არის, რუსეთი არ არის. რა ევროპულ სტანდარტებზე მელაპარაკებიან?! რუსეთს აქვს ევროპული სტანდარტი?! ენერგეტიკულ ქარტიასთან მიერთებაზე მან უარი თქვა, როდესაც გართულდა უკრაინასთან ურთიერთობები სწორედ ამ ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პაპავამ.

მისი თქმით, არ არის ცნობილი ის, თუ რა მოლაპარაკება იყო და სცადა თუ არა ქართულმა მხარემ თავის მაქსიმუმი. ”ჩვენ არ ვიცით რა მოლაპარაკება იყო, რა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ქართული მხარე. არც ეს არის გამორიცხული. ეს მაინც გვითხრან, ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ ხალხმა სცადა თავის მაქსიმუმი და რაც შეეძლო ის გააკეთა. ამის შესახებაც არაფერია ნათქვამი. ტყუილს ხომ ვერ იტყვიან, მერე ”გაზპრომი” იტყვის თავისას”, - განაცხადა პაპავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

სხვა სიახლეები