„„გაზპრომთან“ დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის რუსეთისგან ზეგავლენას“

  • 11 იანვარი 16:11
  • 578

 „გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურნენ. რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს არის კაპიტულანტური ქმედება და სერიოზული დანაშაული.

„მთავრობის განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას „გაზპრომთან“, ეს არის კაპიტულანტური ქმედება, ეს არის სერიოზული დანაშაული და მე შემიძლია განვაცხადო თამამად, რომ საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლება, ვინაიდან არავითარი საფუძველი არ არსებობდა ამ ხელშეკრულების ამ ფორმით გაფორმებისა. 15 წელია მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლო ხელშეკრულება, რომელიც მძიმე პერიოდშიც კი ვერ მოახერხა, რომ „გაზპრომს“ შეეცვალა.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განიცდის რუსეთისგან ზეგავლენას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამავე დროს პირადი ინტერესები, ხვალ სამიზნე იქნება უკვე „თბილგაზი“ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ყაზტრანსგაზმა“ რუსეთს მიჰყიდოს თბილისის გამანაწილებელი სისტემა, შემდეგი სამიზნე იქნება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი ანუ ფაქტობრივად გრძელდება მცოცავი ეკონომიკური ანექსია“,-განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის საფასურს „გაზპრომისგან“ ფულადი სახით მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. 

სხვა სიახლეები