საქართველოსა და ინდოეთს შორის ავიამიმოსვლის შესახებ ახალი შეთანხმება შედგა

  • 11 იანვარი 15:33
  • 277

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ ტექსტზე 2017 წლის 9-11 იანვარს გამართული მოლაპარაკებების დასრულების შედეგ მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ქართულ მხარეს ინდოეთის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, ისეთ ქალაქებში როგორიცაა - დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ.

სამინისტროს განმარტებით, ამ მომენტამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი.

„მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 4 სიხშირით.

აღნიშნულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2016 წლის 10 ნოემბერს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გაჯაპათ რაჯუს სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმში ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.

სამინისტროს განცხადებით, მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლის მიზნით ინდოეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ტურისტულ კომპანიებთან.

ახალი ამბები

2355 სტატია

სხვა სიახლეები