ზურა ჯაფარიძე: არაფერია გამოსაძიებელი, იმ ქოთნებში ნამდვილად მარიხუანაა

  • 11 იანვარი 14:36
  • 4226

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, გამოსაძიებელი არაფერია და მათ ნამდვილად მარიხუანას კულტივაცია მოახდინეს.

„მოვიდნენ გირჩის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამი ადამიანი იყო. წარმომიდგინეს სასაართლოს განჩინება, რომ მათ აქვთ ჩხრეკის უფლება, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, არ ვიცი რატომ, რადგან აშკარად მეორე და მესამე დავარღვიეთ.

გვითხრეს, რომ უნდა დაველოდოთ ექსპერტებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოვიდნენ და თქვეს, რომ უნდა დაიწყონ საგამოძიებო მოქმედებები. ოფისი ჩემ გარდა ყველას დაატოვებინეს, მე უნდა შევბრუნდე და ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები.

იდეაში, გამოსაძიებელი არაფერია, ყველაფერი, რაც გავაკეთეთ არის საჯარო, ერთადერთი, რაც ალბათ უნდა დაადგინონ, არის თუ არა მარიხუანა იმ ქოთნებში, რაც ნამდვილად ასეა და ამის დადგენასაც განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება“, - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

სისხლის სამართლის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას, ან კულტივირებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ამ მუხლის მეორე ნაწილი გულისმობს იმავე ქმედებას, ჩადენილს ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მესამე ნაწილი გულისხმობს ამ მუხლის პირველი, ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში მარიხუანას კულტივაცია 31 დეკემბერს მოახდინა.

ახალი ამბები

3397 სტატია

სხვა სიახლეები