საქართველო „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის საფასურს ფულადი სახით მიიღებს

  • 11 იანვარი 14:22
  • 982

საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის საფასურს „გაზპრომისგან“ ფულადი სახით მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააფორმებს, მოკლევადიანია და ორი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. კონტრაქტის მოქმედების პირველ წელს, საქართველო გაზის ტრანზიტში „გაზპრომისგან“ როგორც ფულად, ასევე ბუნებრივი აირის სახით მიიღებს ანაზღაურებას, ხოლო მეორე წელს ქვეყანა ტრანზიტში მხოლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. 

„მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით, მე ხაზი მინდა გავუსვა, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. 

რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რუსული გაზის მიღებას საქართველო კუბურ მეტრზე 215$-ის ნაცვლად 195$-ად მიიღებს.

 

სხვა სიახლეები