ლევან თარხნიშვილი: სიიდან ამოღებისთვის ორი გზა არსებობს

  • 10 იანვარი 20:30
  • 1001

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან ხვალ ის ადამიანები ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი, ვიზეც პარტიის გენერალურმა მდივანმა სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა, - ამის შესაეხებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა.

როგორც თარხნიშვილი განმარტავს, ეს ადამიანები არიან ნინო კალანდაძე, ომარ მეგრელაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე.

მისივე თქმით, ასეთი მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა პარტიას იმ დროს აქვს, როდესაც საარჩევნო სია არააქტიურ მდგომარეობაშია.

„კანონმდებლობის თანახმად, ბლოკს, პარტიას აქვს უფლება დადგენილი წესით, რაც აქვს დადგენილი თავის წესდებაში, მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამის თაობაზე იმ პერიოდში, როდესაც სია არააქტიურია, ანუ როდესაც არ ხდება დეპუტატის ჩანაცვლება. ასეთი რამის განხორციელება არ შეიძლება, როდესაც არჩევნები დამთავრდება, შედეგები შეჯამდება, მაგრამ პირველი სხდომა არ არის ჩატარებული. ამ დროს ცვლილებები არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება მაშინ, როდესაც დეპუტატს ამა თუ იმ მიზეზის გამო სხვა ადამიანი ანაცვლებს, ანუ როდესაც სია აქტიურ მდგომარეობაშია. ნებისმიერ სხვა დროს პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აქვს უფლება, შეიტანოს სიაში ცვლილებები ისე, როგორც თვითონ მოესურვება. ჩვენი დადგენილი წესის თანახმად, აღმასრულებელი მდივანი, რომელიც ასრულებს გენერალური მდივნის ფუნქციას და არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში სერგო რატიანი, მან მიმართა ცესკოს შესაბამისი წერილით და ეს ადამიანები ამოღებული იქნებიან სიიდან. სიიდან ამოღებისთვის ორი გზა არსებობს: ცესკო იწვევს სხდომას და ამ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება ფაქტობრივად და უარის თქმა ცესკოს არ შეუძლია, თუ რაიმე კანონდარღვევა არ არის, მაგალითად, თუ არაუფლებამოსილმა პირმა მიმართა, თუმცა როგორც წესი, ასეთ სხდომას ცესკო არ მართავს ხოლმე, ამ შემთხვევაში მუშაობს მეორე წესი, რომლის მიხედვითაც 3 სამუშაო დღეში ეს ავტომატურად განხორციელდება“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, ეს პრინციპი განხორციელდა პოლიტსაბჭოს იმ წევრებზე, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და რომლებმაც ხელი შეუშალეს თავისი ბოიკოტით იმ სხდომის ჩატარებას, რომელსაც უნდა მოემზადებინა ყრილობა.

სხვა სიახლეები