ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დახურულ ფორმატში შეხვედრას მართავს

  • 10 იანვარი 15:23
  • 293

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

შეხვედრაში დეპუტატები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს.

აღნიშნული ჯგუფი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტებს შეიმუშავებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით კამპანიას „ეს შენ გეხება“ შემუშავებული აქვს კანონპროექტები: „ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამასთან, წარმოდგენილი იყო ახალი კანონის პროექტი „საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს შესახებ“.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ წინასწარ შემუშავებული პროექტი არ აქვთ, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შორის.

სხვა სიახლეები