„წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი“

  • 10 იანვარი 10:24
  • 336

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ამის შესახებ საუბარია IDFI-ს მიერ მომზადებულ კვლევაში. 

„ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2016 წლის ზაფხულში გამოავლინეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი“, - წერია ანგარიშში. 

2016 წლის ზაფხულში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) თბილისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზე, ხეების მოსაჭრელად გაცემულ ნებართვებზე, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობაზე და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობაზე. 

მშენებლობის ნებართვების სტატისტიკა 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 2011 – 2016 წლებში (28 აგვისტოს ჩათვლით) სულ გაიცა 1,747 ნებართვა საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე. 

ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა 2011 წელს - 375. 2012 წელს ეს ციფრი 142-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2015 წელს მათი რიცხვი 334-ს გაუტოლდა. 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით (255 ნებართვა) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა.

ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვები 

მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვების შესახებ IDFI-ის მოთხოვნის პასუხად, დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად, თბილისის მერიამ წარმოადგინა „ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის“ მიერ 2011-2016 წლებში გაცემული ნებართვების ასლები. ამასთან, მერიის პასუხის თანახმად, 2011-2012 წლებში გაცემული ნებართვების ნაწილის მოძიება მათმონაცემთა ბაზაში ვერმოხერხდა. 

IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხისმოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე. 

მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოსჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36.

სამწუხაროდ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების ასლებიდან, ხშირ შემთხვევაში, არ ირკვევა, თუ რა მიზნით ითხოვდა განმცხადებელი ხის მოჭრის ნებართვას. შესაბამისად, IDFI-ის მიერ დოკუმენტაციის შესწავლით სრულყოფილად ვერ იქნა გამოვლენილი, თუ რამდენი ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობის მიზნით. 

მაგალითად, 2016 წლის 2 აგვისტოს შპს „ორბი ჯგუფი თბილისს“ ყაზბეგის ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 44 ხის მოჭრის და 4 ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგვის ნებართვა მიეცა. დოკუმენტაციით არ ირკვევა, თუ რა მიზნით მოიჭრა ეს ხეები. თუმცა, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხეების მოჭრა/გადარგვა უკავშირდება მშენებლობას.

IDFI-ის მიერ შესწავლილი 2013-2016 წლებში გაცემული 583 ნებართვიდან 392 შემთხვევაში მითითებულია, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა გაიცა უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებით. [3] 2016 წელს (16 აგვისტოს მდგომარეობით) გაცემული ნებართვების 30% (35) მოდის მშენებლობაზე; 2015 – 76% (132); 2014 – 87% (108); 2013 – 68% (117). 

თბილისის შემოსავალი ნებართვების გაცემიდან 

ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 1,947,282 ლარი, რაც წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 

- 2011 – 46,844 ლარი

- 2012 – 89,836 ლარი

- 2013 – 184,207 ლარი

- 2014 – 263,813 ლარი

- 2015 – 695,804 ლარი

- 2016 (5 სექტემბრისმდგომარეობით) – 666,778 ლარი 

მშენებლობის მიზეზით უკანონოდ მოჭრილი ხეები 

მშენებლობის მიზეზით უკანონოდ მოჭრილი ხეების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე თბილისის მერიამ IDFI-ის მიაწოდა მხოლოდ 2014-2016 წლებში მსგავსი შემთხვევების სააღრიცხვო დოკუმენტები. სამწუხაროდ, აღნიშნული დოკუმენტაციის შემთხვევაშიც ინსტიტუტს არ ეძლევა საშუალება მოახდინოს იდენტიფიცირება თუ რამდენი ხე იქნა მოჭრილი უკანონოდ უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და კომერციული ობიექტების მშენებლობებთან დაკავშირებით. 

დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2014-2016 წლებში თბილისის მერიის მიერ სულ აღრიცხულია 1,823 ხე-მცენარის უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შემთხვევა, საიდანაც 2016 წელს ფიქსირდება - 274, 2015 წელს - 839, ხოლო 2014 წელს - 710. 

თბილისის მერიის შეფასებით, 2015-2016 წლებში (31 აგვისტოსმდგომარეობით) უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შედეგად ქალაქისთვისმიყენებულმაზარალმაშეადგინა 1,104,713 ლარი.

საკანონმდებლო ჩარჩო 

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება მერქნის წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით. მაგალითისთვის, განსაკუთრებით ძვირფასი წიწვოვანი ხის სახეობებისთვის ერთი წლიური რგოლის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, ხოლო ფოთლოვანისთვის - 50-ს. დაბალი ღირებულების ჯიშის ხეებისთვის წლიური რგოლის ფასი შეადგენს 8 და 12 ლარს. ბუჩქებისა და ხილ-კენკროვანი მცენარეებისთვის ღირებულება დგინდება მცენარის დიამეტრის მიხედვით. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151 მუხლის მიხევდით:

1. „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“ 

რეგულირება ასევე ვრცელდება თბილისში კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ნარგავებზე. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-55 დადგენილების 25-ე მუხლის მიხედვით, „მიწის მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას.“

 

ამასთანავე, კერძო საკუთრებაში არსებული ნარგავების ჭრა ან ამოღება-გადარგვა ასევე საჭიროებს უფლებამოსილი ორგანოს წერილობით ნებართვას და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმირებას. 

რამდენად კეთილსინდისიერად ენიჭება ხეს დაზიანებულის სტატუსი 

ის ფაქტი, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება ხეებისთვის დაზიანებულის სტატუსის მინიჭება. 

მაგალითად, საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია 2016 წლის  ზაფხულში ყაზბეგის 22-ში მოჭრილმა ხეებმა. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ მოიჭრა საღი ხეები. მათ ეჭვქვეშ დააყენეს ის დასკვნა, რომლითაც ამ ხეებს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 19 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

საქართველოს კანონის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით მწვანე ნარგავების მოჭრაზე ნებართვა გაცემის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს: 

თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ; 

ხის ვარგისიანობაზე ცნობას მერიის მიერ შერჩეული ორგანიზაციები ადგენენ. მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, 2016 წელს მერიის გამწვანების სამსახური დაავადებული ხის მოჭრის ნებართვას ძირითადად ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“, შპს „ფორესთ კომპანი“ და შპს „ფორესთ კომპანი+“ დასკვნის საფუძველზე გასცემდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ რომ „დეტალურად უნდა გაიწეროს ის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო, რაც ხეების შეფასებასა და მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება“ ვინაიდან არ არსებობს კონტროლის მექანიზმი თუ რამდენად საფუძვლიანად ხდება ხის დაავადებულად შეფასება. 

ახალი საკანონმდებლო ცვლილების რისკები 

ამასთან, 2016 წლის 15 დეკემბერს სამშენებლო კომპანია m2-მა მიმართა საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით განიხილოს დაავადებული ხის მოჭრაზე მოსაკრებლის ვალდებულების გაუქმების შესახებ. კერძოდ, პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრას „ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების გარეშე.“ საინტერესოა, რომ როგორც IDFI-თვის მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2014-2016 წლებში კომპანია m2-ის მიერ 94 ხის მოჭრაზე მოთხოვნილი ნებართვიდან, მხოლოდ 4 ხე იყო დაზიანებული. 

IDFI მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან. კერძოდ, ცვლილების შედეგად: 

1) სამშენებლო კომპანიებს გაუჩნდებათ ცდუნება, ხელოვნურად დააზიანონ საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ხეები, მოსაკრებლის გადახდისგან თავის არიდების მიზნით; 

2) მნიშვნელოვნად შემცირდება ქალაქ თბილისში ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვებით მიღებული შემოსავალი. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 8 თვეში ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვებიდან, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 666,778 ლარი, დაახლოებით 70% შემთხვევაში დაფიქსირებულია, რომ ნებართვა გაცემულია დაზიანებული ხის მოჭრაზე; 

3) გაიზრდება ქალაქ თბილისის მერიაში კორუფციის რისკები ხის ვარგისიანობის სტატუსის მინიჭების პროცესში. 

სხვა სიახლეები