"ქართველი ერი პოლიტიკურ პროცესში არასოდესაა ჩართული, მუდამ "აფსაიტშია" ყველაფერი მის ზურგს უკან ხდება"

  • 09 იანვარი 16:51
  • 875

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კოკა ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ამ ძველბერძნულ ამფორაზე გამოსახული "კოჭობანათი" გართული აქილევსი და აიაქსი, რომლებიც სამომავლო პოლიტიკურ საქმეებს აგვარებენ და გეგმავენ (ანუ, როგორც "კვაჭი" იტყოდა "საქმეს აიმასქნებენ"), ზუსტად შეეფერება პოსტსაბჭოთა ქართულ კულუარულ პოლიტიკურ ცხოვრებას: დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს უპირველესი "მონაპოვარი", პირველ რიგში სწორედ ესაა - მისი კულუარული პოლიტიკური ცხოვრება, რასაც ედიკამ დაუდო სათავე და დღემდე გრძელდება.

ქართველი ერი პოლიტიკურ პროცესში არასოდესაა ჩართული, მუდამ "აფსაიტშია" ყველაფერი მის ზურგს უკან ხდება (და მას გონია, რომ მისით ხდება) - პუტჩიც, "ვარდების რევოლუციაც", "მდუმარე რევოლუციაც ურნებთან". მას ქრონიკულად არ მიუწვდება ხელი არცერთ პოლიტიკურ პროცესზე - იქნება ეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური თუ სასამართლო პოლიტიკა და ა.შ. ამის მიზეზი კი, ისევ და ისევ, ქართული პოლიტიკური ცხოვრების კულუარული თავისებურებაა. შესაბამისად ის ვერასოდეს ვერ აკეთებს რეალურ პოლიტიკურ არჩევანს, ის არასოდეს არ ირჩევს, მას ამ კულუარებიდან ყოველთვის სთავაზობენ ვიეთთა არჩევას და ერს გონია რომ მართლა ირჩევს, მას ყოველთვის სთავაზობენ ამა თუ იმ პოლიტიკურ "თამაშს", მას არავინ ეკითხება ვის და რატომ უშვებენ თანამდებობიდან და ა. შ. ამიტომ, ქართველი ერი საკუთარივე ქვეყანის პოლიტიკურ ცხობრებაში "აქციონერი" კი არაა, არამედ "რეაქციონერია".

ისე, ხომ არ გგონიათ გამსახურდიას დამხობა სიგუა-ჯაბა-კიტოვანის დონეზე იყო გადაწყვეტილი?! აქ ჩაბმული იყვნენ, ერთი მხრივ, სპეც. სამსახურებთან შეზრდილი ტრანსნაციონალური სინდიკატები, მეორე მხრივ, კომპარტიის ქართველი და მოსკოველი რევანშისტი ფუნქციონერები და იმ მომენტისათვის უკვე ეკონომიკურ ინტერესზე გასული და გადართული საბჭოთა "კაგებე".

დღეს ის ავადსახსენებელი 6 იანვარია, როდესაც ამ მეოთხედი საუკუნის წინ ('92) გამსახურდია დაამხეს, ქვეყნიდან გააძევეს და ამავდროულად საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს კულუარულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ დღეს ქართველმა ერმა ვერ დაიცვა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების ავტონომიურობა."ყოლიფერი კაი დაგემართოსთ"... ;)

სხვა სიახლეები