კახეთში, ივრის ნაპირზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირეს (ვიდეო)

  • 08 იანვარი 19:53
  • 2111

2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სავარაუდოდ, ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

"ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობა ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20 მ სიმაღლის ყორღანია"-აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები  იქნებიან ჩართულები.

სხვა სიახლეები