ზურაბიშვილი: იმედია, პასუხად "იქნებ შეაგინა" ტიპის კლასიკურ არგუმენტებს არ მოვისმენთ

  • 08 იანვარი 18:19
  • 1226

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

"ადამიანის მიზანმიმართულად და მივარდნით ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ცემა კიდევ პოლიტიკური მოტივითაა გაპირობებული, ეს მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებაა. ლინჩის სამართლის მოწონება და წახალისება კი, თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ერი, უბრალოდ სამარცხვინოა. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს.

იქნებ არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: პირადად მე, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ წმინდა ადამიანურადაც საკმაოზე მეტი (და ჩემის აზრით სამართლიანი) პრეტენზია მაქვს ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სრულიად კონკრეტულ ლიდერებთანაც. შეიძლება ბევრ მათგანზე მეტიც, ახლა რომ დედას იგინება და იფურთხება, მათი მმართველობისას კი შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ ძალადობა და ლინჩის წესით ანგარიშსწორება არის კატეგორიულად მიუღებელი.

საკმარისია, ჩვენ დავუშვათ, რომ ვიღაც შეიძლება იმსახურებდეს ცემას და მოძალადე არათუ დასჯის, ლამის მადლობის ღირსიცაა, ამით საფუძველს ვუდებთ ძალიან სახიფათო პრეცედენტს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ფიგურას, რადგან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ შეიძლება არსებობდეს პრეტენზიები და ნებისმიერი პოლიტიკოსი ვიღაცას საცემად და მოსაკლავადაც კი შეიძლება მიაჩნდეს. არავინ არაა ამისგან დაზღვეული. ნაცს ქოცი არ მოწონს, ქოცს ნაცი, ბევრს არცერთი არ მოწონს, მაგრამ ეს ანტიპატიები თუ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ეს უკვე ძალიან ცუდი ამბავი იქნება.

ამიტომ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა მიუღებლად მიაჩნდა და არც ახლა აქვს დიდი სიმპატია ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი მაგრამებისა და თუმცაღების გარეშე უნდა დავგმოთ ძალადობის ეს ფაქტი და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირება. იმედია პასუხად "იქნებ შეაგინა" ტიპის კლასიკურ არგუმენტებს არ მოვისმენთ"-წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქში". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა. გვარამიას, მასზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა  აღენიშნება. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ხათუნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 

 

სხვა სიახლეები