ნიკა გვარამია: ეს იყო ჯგუფური თავდასხმა

  • 08 იანვარი 17:44
  • 1315

"თავდამსხმელი არ იყო მარტო, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა"- ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

გვარამია  რატი გაჩეჩილაძის განცხადებას გამოეხმაურა. გაჩეჩილაძემ თქვა, რომ მის გარდა, ინციდენტში არავინ მონაწილეობდა. 

"როდესაც ის ამბობს, რომ მარტო იყო,  ამით ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის გამოძვრენას ცდილობს, იმიტომ, რომ  ჯგუფური თავდასხმა დამამძიმებელი გარემოებაა და გაცილებით უფრო მაღალი სასჯელია მისთვის. ეს არის ტყუილი. ის არ იყო მარტო. იყო სხვა ადამიანთან ერთად და ამ ადამიანის ამოცნობა ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად. იქ იყო 2 ადამიანი, ერთი მე დამესხა თავს, მეორე ჩემს მეგობარს.

ეს არის ძალადობრივი დანაშაული. არცერთ შემთხვევაში პირადად მე არ ვაპირებ დამნაშავესთან ან შერიგებას, ან მასთან რაიმე კომუნიკაციას,  ვინც არ უნდა იყოს ეს დამნაშავე"-განაცხადა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა. გვარამიას, მასზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა  აღენიშნება. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ხათუნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 

სხვა სიახლეები