ადვოკატი: რატი გაჩეჩილაძეს მოესმა სახელი "გრეჩიხა", მამამისს ახსენებდნენ, ამის საფუძველზე მივიდა და გვარამიას დაარტყა

  • 08 იანვარი 13:00
  • 1181

ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

"ჯერ ბრალი არ წარდგენია. იგი მოწმის სახით იქნა მხოლოდ გამოკითხული. 

არ ვიცი, გვარამიას  პირადად იცნობდა, თუ არა, ეს მას არ უთქვამს. მაგრამ გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა რესტორანს, მას მოესმა სახელი "გრეჩიხა", მამამისს რომ ახსენებდნენ და ამის საფუძველზე მივიდა იქ და დაარტყა,“- განაცხადა ლილი გელაშვილმა  "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა. გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ "ფეისბუქში" დაწერა. 

"შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ"- დაწერა გაჩეჩილაძემ. 

რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 

ნიკა გვარამია გვიან ღამით სამართალდამცველებმა დაკითხეს. ის ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი მარტო არ იყო  და მომხდარი ჯგუფური თავდასხმაა.

 

 

სხვა სიახლეები