"ძალიან სპეციფიკური "ვაჟკაცობა" გამოდის: შუქის ჩაქრობას მოუცადო და მერე სიბნელეში დაესხა ადამიანს თავს"

  • 08 იანვარი 11:44
  • 1807

პოლიტოლოგი გია ნოდია ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ნოდია "ფეისბუქში" ლევან გაჩეჩილაძის შვილთან, რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით წერს, რომელმაც ნიკა გვარამიაზე თავდასხმა აღიარა. 

"ამ საჯარო განცხადებას ვითომ ვაჟკაცური ნაბიჯის პრეტენზია აქვს: რად გინდათ გამოძიება, მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას (ცხადია, იმასაც გვახვედრებენ, რომ სხვებიც მონაწილეობდნენ ნიკა გვარამიას ცემაში, მაგრამ კი ბიჭია და ხომ არ ჩაუშვებს).

ოღონდ ძალიან სპეციფიკური „ვაჟკაცობა“ გამოდის: შუქის ჩაქრობას მოუცადო და მერე სიბნელეში დაესხა ადამიანს თავს.

გაჩეჩილაძეების დიდი და გამოჩენილი გვარის წარმომადგენლებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს კონკრეტული ოჯახი რა გამოდის? ერთი ძმა სახალხო აჯანყებას უდგება სათავეში და მერე მიშას მიეყიდება. მეორე ძმა სათამაშო გალიაში შედის, ყველაფერს იფიცებს, სანამ მიშა არ გადადგება, არ გამოვალო, მერე მშვენივრადაც გამოდის (ვიცი, რომ ჯანმრთლობის მდგომარეობა მოიმიზეზა). ერთის შვილი და მეორის ძმიშვილი სიბნელეს ელოდება, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით ადამიანს თავს დაესხას.

ქურდულ ენაზე ამას რა ქვია ნეტა?"-წერს ნოდია "ფეისბუქში". 

ცნობისთვის, გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან "დაინინგ რუმში" მოხდა. გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ  ნიკა გვარამიაზე თავდასხმა აღიარა. მან ამის შესახებ "ფეისბუქში" დაწერა. 

სხვა სიახლეები