ექიმი: ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აქვს

  • 08 იანვარი 11:17
  • 1079

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, მასზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა  აღენიშნება. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ხათუნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"ჩატარებული კვლევების საფუძველზე პაციენტს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა გახლავთ სტაბილური. პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია"-განაცხადა ხათუნა მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა. გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ "ფეისბუქში" დაწერა. 

"შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ"- დაწერა გაჩეჩილაძემ. 

რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 

ნიკა გვარამია გვიან ღამით სამართალდამცველებმა დაკითხეს. ის ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი მარტო არ იყო  და მომხდარი ჯგუფური თავდასხმაა.

სხვა სიახლეები