გიორგი მარგველაშვილი - საქართველო ელოდება მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას აშშ-სგან

  • 02 იანვარი 13:49
  • 628

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ზოლში სტუმრობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ელოდება მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას აშშ-სგან.

როგორც ჯონ მაკკეინმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრის ერთერთი განსახილველი საკითხი სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერა იყო.

"განვიხილეთ ჩვენი მდგრადი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე, სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერა;

გამოვთქვით ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ამ ქვეყნის იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში თავისუფლებას იცავენ.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი"- განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ დელეგაცია შედგება ორივე პარტიის წარმომადგენლებისაგან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი.

დღევანდელ დღეს, გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, სწორედ ამ დროს, ასეთი ვიზიტი და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია.

დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ამ თანამშრომლობის, უსაფრთხოების გარემოს და ეკონომიკური ურთიერთობის გასაძლიერებლად.

საუბარი შეეხო იმას, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და ჩვენი ურთიერთობის განვითარება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

სხვა სიახლეები