საქართველოში შობადობის მატება შეინიშნება

  • 26 ივნისი 2012, 15:07
  • 496

საქართველოში შობადობა გაიზარდა ხელოვნური აბორტების რაოდენობა კი, შემცირდა.

აღნიშნული  შედეგები ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევამ დადო, რომლის მიხედვითაც,  იკლო ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევებმაც.

შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2010 წლისათვის - 2.0 ბავშვი ერთ ქალზე, 25%-ით მეტია 2005 წლის კვლევისას გამოვლენილ ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1999 წლიდან საქართველოში პირველად დაფიქსირდა უფრო მეტი ცოცხლად შობადობა ვიდრე ხელოვნური აბორტების რაოდენობა (1/0.8).

კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი კლებაა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკაშიც: 41.6 შემთხვევა ყოველ 1,000 ცოცხლად შობილზე - 1999 წელს, 21.1 შემთხვევა - 2005 წელს და 14.1 შემთხვევა - 2010 წელს (33%-იანი კლება 2005 წელთან შედარებით და 66%-იანი კლება 1999 წელთან შედარებით).

იგივე ტენდენციაა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხითაც.

საქართველოში 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგებისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას საქართველოს პირველი ლედი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის, გაეროსა და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2010 წლის კვლევა მესამე ეროვნული კვლევაა, რომლის მიზანია საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით,  მოსახლეობის დემოგრაფიული და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი დინამიკის გამოვლენა საქართველში.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ატლანტა, აშშ) ტექნიკური დახმარებით ჩატარდა.

სხვა სიახლეები