ირაკლი მეძმარიაშვილი: მე არჩევნებზე წასაგებად არ მივდივარ

  • 21 დეკემბერი 2016, 14:13
  • 1236

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება უპრეცედენტო არჩევნები. მეძმარიაშვილის განცხადებით, მთავარი არის ფედერაცია, შემდგომ უკვე ოლიმპიური კომიტეტი, სამინისტრო და საპარლამენტო კომიტეტი.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის უპრეცენდენტო არჩევნები ქართული ოლიმპიიზმის ისტორიაში, ეს არის თავისუფალი არჩევნები, როცა სამთავრობო კანდიდატი არ არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი არის ფედერაცია და მერე ოლიმპიური კომიტეტი, სამინისტრო, პარლამენტის კომიტეტი და ა.შ ყველა ის ორგანო რომელზეც დამოკიდებულია ფედერაციის წარმატება.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ სპორტულ მენეჯმენტზე, ასევე ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ოლიმპიადაზე მოხვდეს სათამაშო სახეობა, მაგრამ ვერ დავივიწყებთ იმ ტრადიციულ სახეობებს, რომლებიც ოლიმპიადაზე წარმატებას აღწევენ. ასევე ჩვენი პრიორიტეტია დახარჯული თანხების გამჭვირვალობა. აუცილებლად ვიმუშვებთ დიაგნოსტიკურ-სარეაბილიტაციო სპორტულ ცენტრზე" -  განუცხადა News.ge -ს მეძმარიაშვილმა. 

ირაკლი მეძმარიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მონაწილეობაზე სპორტში და ასევე ვეტერან სპორტსმენებზე:

"უმთავრესია ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მონაწილეობა სპორტში. არ შეიძლება განასხვაო პარაოლმპიელი და ოლიმპიელი. დღევანდელი ხელმძღვანელობის სირცხვილია, რომ 5 ოლიმპიელი ხმის გარეშე დარჩა. ვეტერანმა სპორტსმენებმა კი უნდა იცოდნენ რომ აქვთ დაფასება და ყურადღება. ასევე რეგიონალური კომიტეტები უნდა გააქტიურდნენ. ჩვენი სლოგანია "ჩვენ უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს", მე არჩევნებზე წასაგებად არ მივდივარ, მითხარით ადამიანი, რომელიც მიდის არჩევნებზე და ფიქრობს, რომ წააგებს".

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე მედიაზე ისაუბრა.

"ჩვენ დავუთმობთ დიდ ყურადღებას მედიის კრიტიკულ აზრს, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მოვისმენთ და გამოვასწორებთ თუ კი რამე შეგვეშლება",-განაცხადა მეძმარიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები 23 დეკემბერს, 12 საათზე სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.

სხვა სიახლეები