სოფელ უდეში ”ანთიმოზობა” აღინიშნება

  • 26 ივნისი 2012, 13:33
  • 739

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს, ”ანთიმოზობას” აღნიშავენ. საერთო-სახალხო დღესასწაულს სოფლის მართლმადიდებელი და კათოლიკე მცხოვრებლები ერთად ზეიმობენ. 

ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის) ხსენების დღე 2005 წლიდან აღინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სოფელ უდედან იყო. ამიტომ, დღესასწაულს სოფლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სოფელს ამ დღეს მეზობელი სოფლებიდან და მუნიციპალიტეტებიდანაც სტუმრობენ.

”ანთიმოზობაზე” დასასწრებად ლიდა ტეფნაძე და იამზე ხარაიშვილი სოფელ ენთლიდან ჩამოვიდნენ: ”დაახლოებით 6 კილომეტრი ვიარეთ ფეხით. დღევანდელი დღე ძალიან დიდი დღესასწაულია”.  

მათთან ერთად დაესწრო საზეიმო წირვა-ლოცვას სოფელ უდეს მკვიდრი ლამარა  ბალახაშვილიც: ”კათოლიკე ვარ, ასე მოვუნათლივარ ბავშვობაში, მაგრამ ამ ეკლესიაში დავდივარ ყოველ კვირას. წირვის მერე ტრაპეზზე ვარ მიწვეული”. 

სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წინამძღვრის დეკანოზ ტიმოთე  ჩილაშვილის განმარტებით, ვერსია, რომ ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით უდედანაა, ტაძრის მრევლს ეკუთვნის: ”ისტორიული ცნობა არ არსებობს, მხოლოდ ერთგან, სტამბის დაარსების ისტორიაში გაკვრით გვხვდება, რომ ანთიმოზ ივერიელი სამცხე-საათაბაგოდან იყო წარმოშობით, ხურციძეთა შტოს შთამომავალი. ხურციძეები (ახლანდელი მერაბიშვილები) კი სწორედ ამ სოფელში ცხოვრობდნენ”. 

მისივე ნაამბობის მიხედვით, ანთიმოზ ივერიელი სავარაუდოდ თურქთა ერთ-ერთი შემოსევის დროს გაუტაციათ. ტყვეობიდან იგი იერუსალიმის პატრიარქს დოსითეოსს დაუხსნია. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან განათლებისა და ოსტატობის სრულყოფას მოახმარა. 

”ეს იყო უდიდესი საეკლესიო და საერო მოღვაწე, რუმინეთის ეკლესიის რეფორმატორი, რომელმაც რუმინულ ენაზე გადაიყვანა წირვა-ლოცვა და ის იყო რუმინეთის პირველი პატრიარქი. რუმინეთის ეკლესია სწორედ მის პერიოდში ხდება დამოუკიდებელი. გარდა ამისა, მან რუმინელებს სალიტერატურო ენა შეუქმნა. ამიტომ იწოდება რუმინეთის განმანათლებლად”, -  გვიამბობს დეკანოზი.

სწორედ ამიტომ, ”ანთიმოზობა” პირველად რუმინეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ამ დღეს სოფელს ყოველთვის სტუმრობდა რუმინეთის დელეგაციაც. დეკანოზი ტიმოთეს თქმით, წელს ელჩი ახალი დანიშნულია და ამიტომ დელეგაცია ვერ ჩამოვიდა.

ანთიმოზ ივერიელი 1716 წლის 27 სექტემბერს, მოწამებრივად აღესრულა, თურქმა დამპყრობლებმა განსაკუთრებული სისასტიკით დასაჯეს სიკვდილით. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიან ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსნების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა. ამ დღეს რუმინეთში დიდი სახალხო დღესასწაული იმართება. 

დღეს დილის ათი საათიდან სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა  აღესრულება. დღის მეორე ნახევარში სტუმრებს საზეიმო ტრაპეზით გაუმასპინძლდებიან. სოფლის რიტუალების სახლში 400-მდე სტუმარს ელოდებიან. გასულ წლებში ”ანთიმოზობას” უდეს კულტურის სახლში კონცერტიც იმართებოდა. თუმცა, როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რატი ტატალაშვილი განმარტავს, მიმდინარე თვეში სოფელში ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ამიტომ ღონისძიების გამართვისგან თავი შეიკავეს. 

დეკანოზ ტიმოთე გელაშვილის თქმით, საზეიმო ტრაპეზზე დასწრება სოფლის ყველა მცხოვრებს შეუძლია, განურჩევლად მათი აღმსარებლობისა. შეგახსენებთ, რომ, სოფელში, სადაც 2010 წლის მონაცემებით 4007 ადამიანი ცხოვრობს, 95 პროცენტი მართლმადიდებელია, ხანდაზმულთა უმრავლესობა კი, კათოლიკეა.

სხვა სიახლეები