თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა საზოგადოებას ახალი ლექსიკონი გააცნო

  • 14 დეკემბერი 2016, 14:37
  • 586

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას გააცნო ცენტრის ახალი ლექსიკონი - „ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ონლაინ-ლექსიკონი“, რომელიც 2014 – 2016 წლებში შეიქმნა (http://techdict.ge). ლექსიკონთან ერთად საზოგადოებას წარუდგინეს მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემა და ონლაინ-ლექსიკონის ახალი პლატფორმა, რომლის შექმნა სწორედ მართვის სისტემის წყალობით გახდა შესაძლებელი.

„ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი“ არის მესამე ლექსიკონი დარგობრივი ონლაინ-ლექსიკონების ციკლიდან, რომელიც ლექსიკოგრაფიულ ცენტრში შეიქმნა 2009 წლიდან დღემდე, ესენია: „ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინ-ლექსიკონი“ (http://mil.dict.ge), რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა 2009 წელს; „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონი“ (http://bio.dict.ge), რომელიც 2012 – 2014 წლებში შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ტექნიკური ლექსიკონის პროექტიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შესრულდა.

ტექნიკური ლექსიკონი ლექსიკოგრაფიული ცენტრის პირველი ლექსიკონია, რომელიც ლექსიკონის მართვის სისტემაში შეიქმნა.

„ინგლისურ-რუსულ-ქართულ ტექნიკურ ლექსიკონში“ ძირითადად შევიდა ისეთი დარგების ტერმინოლოგია, როგორიცაა: ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკა, მანქანა-დანადგარები და ნაწილები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საავტომობილო, სამშენებლო, სამთამადნო, სარკინიგზო, ჰიდროტექნიკური ტერმინოლოგია.

ლექსიკონში არის: ინგლისური მეთაური სიტყვა 21,232, ქართული მეთაური სიტყვა 24,036, რუსული მეთაური სიტყვა 11,591, სულ 56,859 მეთაური სიტყვა.

ტექნიკური ლექსიკონის მეშვეობით, ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა მიზნად დაისახა ტექნიკურ დარგებში დამკვიდრებული რუსულენოვანი ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით ლექსიკონში შევიდა 900-მდე ტექნიკური ბარბარიზმი, რომელთა ძიება ლექსიკონში პირდაპირ ბარბარიზმის ქართული ასოებით აკრეფით შეიძლება (მაგ. ატვიორტკა). ბარბარიზმის საძიებო ველში შეყვანის შედეგად ლექსიკონის მომხმარებელი მოიძიებს სიტყვა-სტატიას ბარბარიზმის სწორი ქართული, რუსული და ინგლისური შესატყვისით.

ტექნიკური ლექსიკონისა და პროგრამული პროდუქტების წარდგენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტის რექტორი; თინათინ ბოჭორიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე; მანანა ანთაძე, ცნობილი მთარგმნელი და თეატრალური მოღვაწე; ინესა მერაბიშვილი, ცნობილი მთარგმნელი, თსუ თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი; მანანა გელაშვილი, თსუ დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ნინო დობორჯგინიძე, ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი და სხვა.

პროექტმა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სხვა სიახლეები