ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ხვალ ეწურება

  • 25 ივნისი 2012, 17:25
  • 314

ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ხვალ, 24:00 საათზე ეწურება.

ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

"ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასულ სამშაბათს მიიღო ერთკვირიანი ვადა, რათა ჯარიმა ნებაყოფლობით გადაეხადა და მისი ქონების შესახებ ინფორმაცია წარედგინა. ვადა ხვალ იწურება და სააღსრულებლო წარმოებისთვისაც შესაბამისი პასუხი ამ ვადაში იქნება გაცემული", - ამბობს კბილაშვილი.

თუ ამ პერიოდში „ქართული ოცნების“ ლიდერი ჯარიმას არ გადაიხდის, იძულებითი აღსრულება დაიწყება.

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი უძრავ ქონებას მხოლოდ წყნეთში, ჭორვილაში (საჩხერე), სოფელ ნატანებში (ოზურგეთი), ბორჯომსა და საგურამოში ფლობს. 

შეადგენს თუ არა ეს უძრავი ქონება ჯარიმის ოდენობას - 74 325 065. 65 ლარს, უცნობია. აღსანიშნავია, რომ ქონების ჩამონათვალში არ არის ე.წ. შუშის სასახლე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ბექა დოჭვირის თქმით, თუ ივანიშვილი აღსრულების ბიუროს მიერ გაგზავნილი დოკუმენტის მიღებიდან 7 დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მოხდება მისი ქონების აუქციონზე გატანა ან სეკვესტრი, რაც იძულებით მართვას ნიშნავს - მაგალითად კომპანიის მართვა, ან აქციებისგან მოგების მიღება. მას შემდეგ კი, რაც ამ გზით ჯარიმა სრულად დაიფარება, იძულებით მართვის პროცედურებიც დასრულდება, სააღსრულებო წარმოებაც შეწყდება და კომპანია დაუბრუნდება თავის მფლობელს.

სააღსრულებო წარმოების პროცედურებს საქართველოში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. კანონი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებაც შესაძლებელია ივანიშვილის ქონების მხოლოდ იმ ნაწილის მიმართ, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. თუმცა, საქართველოს შეუძლია მიმართოს იმ ქვეყანას, სადაც აქვს ივანიშვილს ქონება და თუ ის სახელმწიფო დააკმაყოფილებს თხოვნას, თვითონვე  ამოიღებს თანხას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის მიხედვით სააღსრულებო წარმოება ეხება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას და არა მისი ახლობლების, ნათესავებისა თუ მეგობრების ქონებას.

სხვა სიახლეები