„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ცდილობს კანონის დასუსტებას“

  • 22 ივნისი 2012, 13:41
  • 606

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე ზღულაძის თქმით, სახელმწიფოს ამოსავალი პრინციპების შერყევის უფლება ქვეყანაში არც ერთ პიროვნებას ან პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა. როგორც ზღულაძემ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი და პარტია "ქართული ოცნება" თავს კანონზე მაღლა აყენებენ. მინისტრის მოადგილემ მაგალითად მოიყვანა საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამსახურის თანამშრომლების თემა და აღნიშნა, რომ ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელებმა წინასწარი პოლიტიკური კავშირების გამო თანამშრომელთა როტაციაში მონაწილეობა არ ისურვეს. „ისინი ამ ფაქტისგან პოლიტიკური სკანდალის აგორებას შეეცადნენ. ეს მცდელობა დარჩება მცდელობად, ანუ შეუმდგარ ცდად,“ - განაცხადა ზღულაძემ.

მისივე თქმით, პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებში მუდმივად, ყოველწლიურად და რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურებრივი და გეოგრაფიული როტაციის პროცესი.

„არასოდეს დასმულა კითხვის ნიშანი ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით, რადგან ძალიან ცხადია, ამ როტაციების მიზანი არის მხოლოდ თანამშრომლების გადახალისება, ბიუროკრატიული მოდუნების თავიდან აცილება და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა ზღულაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ როტაციის პროცესთან დაკავშირებით, დღეს, სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

სახაზო საპატრულო პოლიციიდან 35 თანმშრომელი გადავიდა მეტროპოლიტენის სამმართველოში, ხოლო იქიდან 20 - სახაზო სამმართველოში. დაინიშნა პოლიციის აკადემიის 8 ახალი კურსდამთავრებული. 32-მა, ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელმა, უარი თქვა შეთავაზებულ სამსახურეობრივ როტაციაზე და დატოვა სამსახური,“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში."

სხვა სიახლეები