გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე დასასვენებლად იყო წასული

  • 21 ივნისი 2012, 14:26
  • 1855

გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე დასასვენებლად იყო წასული. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის ბიძაშვილმა ვლას ჯიბლაძემ news.ge - ს განუცხადა, რომ როცა მამუკა ჯიბლაძე ამ დღეების განმავლობაში, დაკარგული ეგონათ და საპატრულო პოლიცია ეძებდა, ისვენებდა. 

ვლას ჯიბლაძე, news.ge - სთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, სად ისვენებდა მამუკა ჯიბლაძე, ან რატომ არ გააფრთხილა ოჯახის წევრები თუ დასასვენებლად მიდიოდა.

"ადამიანი გადაიღალა, დასვენება უნდოდა და გადაწყვიტა წასულიყო რამდენიმე დღით. სად ისვენებდა მამუკა ამ დროის განმავლობაში აღარ გვიკითხავს"- განაცხადა მამუკა ჯიბლაძის ბიძაშვილმა ვლას ჯიბლაძემ.

გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე 19 ივნისს სახლში დაბრუნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.

ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს მიმართეს და პოლიციამ ჯიბლაძის ძებნა დაიწყო. 

შსს - ს ცნობით, მამუკა ჯიბლაძე 17 ივნისს ვიდეოკამერებმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება 15 ივნისს გაავრცელეს. 

მამუკა ჯიბლაძე მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია. მან გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის განთავისუფლების შემდეგ, სხვა თანამშრომლებთან ერთად დატოვა.

სხვა სიახლეები